ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
17 ოქტომბერი 2021

ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით დაასრულა გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა. ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე ცენტრის ბენეფიციარების ნაკეთობებსა და ნახატებს დაეთმო. გამოფენილი ნამუშევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ ტყეშელაშვილთან და ვიცე-პოლკოვნიკ თამარ მღებრიშვილთან ერთად დაათვალიერა. მანვე ხელოვნებითი თერაპიის პროგრამების გაფართოება დააანონსა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააგენტოს ხელმძღვანელი ერთ-ერთ არასრულწლოვანს, რომლის ნამუშევარიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, თუმცა ღონისძიებაზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, სახლში ესტუმრა და მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა. კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რეფერირების ცენტრში უკვე გაიმართა ბენეფიციართათვის საინფორმაციო შეხვედრა ნაადრევი ქორწინების რისკების, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების და დისკრიმინაციის ფორმების შესახებ. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულია, რომლის მიზანია, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი კანონთან კონფლიქტში მყოფი და სხვა რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.

გოგონათა საერთაშორისო დღე
13 ოქტომბერი 2021

გოგონათა საერთაშორისო დღე

საინფორმაციო შეხვედრით აღუნიშნა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა. ნაადრევი ქორწინების რისკები, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის ფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად განიხილეს. დისკუსიის შემდეგ, მოზარდებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალა უჩვენეს. „ციფრული თაობა, ჩვენი თაობა“ - წელს გოგონათა საერთაშორისო დღე ამ სლოგანით აღინიშნება და ციფრულ წიგნიერებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად.

თერჯოლაში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა
30 სექტემბერი 2021

თერჯოლაში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა

პრობაციის ახლადგახსნილი ბიურო იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რეგიონის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პრობაციის ახალი ბიურო იმერეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღარულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოვებს. პრობაციის სააგენტოს რაიონული ბიუროები წელს უკვე გაიხსნა სიღნაღისა და ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრებში. უახლოეს მომავალში კი წყალტუბოს იუსტიციის სახლსა და კასპის საზოგადოებრივ ცენტრშიც განთავსდება.

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან
28 სექტემბერი 2021

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან

პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ნოვატორული ტექნოლოგიური მიდგომა, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულება და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები იყო ტაჯიკეთის დელეგაციასთან შეხვედრის ძირითადი თემა. დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. სტუმრები სააგენტოში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ და პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ინოვაციური ტექნიკური მოწყობილობა - „Probbox“-ი და ელექტრონული მეთვალყურეობის მოწყობილობები დაათვალიერეს. უწყების საქმიანობის შესახებ მათთვის სპეციალური პრეზენტაციაც მომზადდა. დელეგაციის წევრებმა აღდგენითი მართლმსაჯულების ქართულ პრაქტიკაზე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია. ტაჯიკეთის პენიტენციური და ძალოვანი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა დელეგაცია საქართველოს ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით სტუმრობს.