შეხვედრა თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებთან
12 ნოემბერი 2021

შეხვედრა თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებთან

პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორულ მიდგომებსა და შინაპატიმრობის აღსრულების გამოცდილებას უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა საკითხებში თურქეთის საელჩოს მრჩევლები ნეჯმი ინჩე და ნეჯმეთინ აქჩა გაეცნენ. ამ მიზნით, ისინი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში შინაპატიმრობის აღსრულების სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული ელექტრონული ზედამხედველობის შესაძლებლობები განიხილეს. იმსჯელეს პრობაციის სფეროში არსებულ საკანონმდებლო აქტებსა და ინსტრუმენტებზე. საელჩოს წარმომადგენლები პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციურ მოწყობილობას - პრობბოქსს გაეცნენ, რომელიც იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და მუნიციპალურ შენობებში მიმდინარე წლის დეკემბრიდან განთავსდება. მხარეებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ასევე ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, საელჩოს წარმომადგენლებმა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კლინიკა "ვეტ-ჰაუსში"
06 ნოემბერი 2021

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კლინიკა "ვეტ-ჰაუსში"

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებით, ვეტერინარიით დაინტერესებული ბენეფიციარები პროფესიის სპეციფიკას კლინიკა „ვეტ-ჰაუსში“ გაეცნენ. კლინიკის დათვალიერების შემდეგ, მოზარდები ცხოველების სამედიცინო მანიპულაციებს დაესწრნენ და მათი მოვლის პროცესში სპეციალისტის ზედამხედველობით ჩაერთნენ. ვეტერინარის პროფესიის გაცნობის მიზნით, კლინიკაში ვიზიტი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. შესაბამისად, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, ვეტერინარულ კლინიკებთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში პროფილის სხვადასხვა დაწესებულებასთან მემორანდუმები გაფორმდება. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე კი, ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში, პეტ-თერაპიის მოდელი დაინერგება. ნოვატორული მიდგომა ბენეფიციარების ემოციური სირთულეების დაძლევაში დახმარებას ისახავს მიზნად. ბენეფიციარები ვეტ-კლინიკაში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტის - „მე გავხდები პროფესიონალი“ - ფარგლებში იმყოფებოდნენ. პროექტი ცენტრის დაარსებიდან ხორციელდება. არასრულწლოვნები პერიოდულად სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებს სტუმრობენ. სამუშაო გარემოში პროფესიის გაცნობა კი, მათ სპეციალობის არჩევაში ეხმარება.

INL-ის წარმომადგენლები აჭარისა და გურიის პრობაციის რეგიონული ბიუროში
04 ნოემბერი 2021

INL-ის წარმომადგენლები აჭარისა და გურიის პრობაციის რეგიონული ბიუროში

აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს წარმომადგენლები აჭარისა და გურიის პრობაციის რეგიონული ბიუროს სამუშაო პროცესს გაეცნენ. სასჯელაღსრულების საკითხებში უფროს მრჩეველს, სკოტ ვიგინსს ბათუმისა და ოზურგეთის ოფისებში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხელაძემ და რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, მამუკა თხილაიშვილმა უმასპინძლა. ბიუროს წარმომადგენლები პრობაციის ოფიცრებსაც შეხვდნენ, მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სააგენტოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო სააგენტოსთან, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მრავალი წელია თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, ბიურომ სააგენტოს პერსონალისთვის აშშ-ში სასწავლო ვიზიტები უზრუნველყო და უწყებას სხვადასხვა მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის, თითის ანაბეჭდის ამომცნობი მოწყობილობები და ვიდეოპაემნის აპარატურა გადასცა. ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააღრმავონ სააგენტოსთან თანამშრომლობა პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობაციის სფეროში აშშ-ს გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.

ტრენინგი ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის
26 ოქტომბერი 2021

ტრენინგი ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტები გადამზადდნენ. ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ინტენსიური ტრენინგი გაიარეს. მოდული თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. გადამზადება სისტემაში დასაქმებულ სპეციალისტებს ძალადობრივი ქცევის მქონე პირებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურების მიწოდებაში დაეხმარება. ტრენინგი სპეციალისტების საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის, რაც ძალადობრივი ქცევის შემცირებას შეუწყობს ხელს. ფასილიტატორების გადასამზადებელი კურსის მიმდინარეობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბუბა ლომუაშვილი ადგილზე გაეცნო. პარტნიორზე მოძალადე პირებისთვის ქცევის კორექციის პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women-ის მხარდაჭერით დაინერგა. „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი“ სხვადასხვა მოდულს აერთიანებს. კურსი ოჯახში გენდერულ ძალადობას, აგრესიის მართვის მეთოდებს, წყვილებს შორის ძალადობრივი, აგრესიული სქესობრივი ქცევის იდენტიფიცირებას, მათი შედეგების გაცნობიერებასა და ემოციების მართვის საკითხებს მოიცავს. ტრენინგი 22 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დაიხურება.

სამუშაო შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებზე
19 ოქტომბერი 2021

სამუშაო შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებზე

პროექტი „მედიატორი ყველა მუნიციპალიტეტში“ - აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ინიციატივა სისხლის სამართლის სისტემაში მედიაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ამისთვის, მედიატორები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დასაქმდებიან და მათი საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ყველა დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის ინსტიტუტის განვითარება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უწყების განვითარების 10 წლიან სამოქმედო გეგმაშია ასახული. ამ ცვლილებების, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და საქმიანობის შედეგების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მედიატორებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა, ტრენინგის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარების ხედვა გააცნო. აღდგენითი მართლმსაჯულება დანაშაულთან დაკავშირებული მხარეების ინტერესებს ითვალისწინებს და მათი აქტიური ჩართულობით კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. მისი რეფორმა პარტნიორ უწყებებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა და მას ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თეონა კუჭავა ესწრებოდა.

ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
17 ოქტომბერი 2021

ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით დაასრულა გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა. ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე ცენტრის ბენეფიციარების ნაკეთობებსა და ნახატებს დაეთმო. გამოფენილი ნამუშევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ ტყეშელაშვილთან და ვიცე-პოლკოვნიკ თამარ მღებრიშვილთან ერთად დაათვალიერა. მანვე ხელოვნებითი თერაპიის პროგრამების გაფართოება დააანონსა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააგენტოს ხელმძღვანელი ერთ-ერთ არასრულწლოვანს, რომლის ნამუშევარიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, თუმცა ღონისძიებაზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, სახლში ესტუმრა და მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა. კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რეფერირების ცენტრში უკვე გაიმართა ბენეფიციართათვის საინფორმაციო შეხვედრა ნაადრევი ქორწინების რისკების, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების და დისკრიმინაციის ფორმების შესახებ. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულია, რომლის მიზანია, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი კანონთან კონფლიქტში მყოფი და სხვა რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.

გოგონათა საერთაშორისო დღე
13 ოქტომბერი 2021

გოგონათა საერთაშორისო დღე

საინფორმაციო შეხვედრით აღუნიშნა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა. ნაადრევი ქორწინების რისკები, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის ფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად განიხილეს. დისკუსიის შემდეგ, მოზარდებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალა უჩვენეს. „ციფრული თაობა, ჩვენი თაობა“ - წელს გოგონათა საერთაშორისო დღე ამ სლოგანით აღინიშნება და ციფრულ წიგნიერებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად.

თერჯოლაში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა
30 სექტემბერი 2021

თერჯოლაში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა

პრობაციის ახლადგახსნილი ბიურო იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რეგიონის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პრობაციის ახალი ბიურო იმერეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღარულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოვებს. პრობაციის სააგენტოს რაიონული ბიუროები წელს უკვე გაიხსნა სიღნაღისა და ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრებში. უახლოეს მომავალში კი წყალტუბოს იუსტიციის სახლსა და კასპის საზოგადოებრივ ცენტრშიც განთავსდება.

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან
28 სექტემბერი 2021

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან

პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ნოვატორული ტექნოლოგიური მიდგომა, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულება და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები იყო ტაჯიკეთის დელეგაციასთან შეხვედრის ძირითადი თემა. დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. სტუმრები სააგენტოში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ და პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ინოვაციური ტექნიკური მოწყობილობა - „Probbox“-ი და ელექტრონული მეთვალყურეობის მოწყობილობები დაათვალიერეს. უწყების საქმიანობის შესახებ მათთვის სპეციალური პრეზენტაციაც მომზადდა. დელეგაციის წევრებმა აღდგენითი მართლმსაჯულების ქართულ პრაქტიკაზე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია. ტაჯიკეთის პენიტენციური და ძალოვანი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა დელეგაცია საქართველოს ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით სტუმრობს.