მინისტრის საათი პარლამენტში
პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს. პრობაციონერებისთვის შექმნილი ახალი, ელექტრონული კონტროლის თანამედროვე სისტემის ამოქმედების შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა. რატი ბრეგაძის განცხადებით, პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები ტარდება, რომელთა შორის ერთ-ერთია მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი „PROBBOX“-ი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსჯავრდებულს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას გაუადვილებს, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და გაზრდის ანონიმურობის ხარისხს. მინისტრის ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში, რეგიონებში გაიხსნა რეფერირების ცენტრები. საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შესახებ მუნიციპალიტეტებთან გაფორმდა მემორანდუმები.
მემორანდუმი მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობისთვის
მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პენიტენციურ დაწესებულებებში და მის გარეთ მყოფი მსჯავრდებულების ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მოაწერეს. სამომავლოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულებისთვის გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ერთობლივი ტრენინგ-კურსებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება.
განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილე უწყებები დაჯილდოვდნენ
განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები დაჯილდოვდნენ. მათ წარმომადგენლებს მადლობის სიგელები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გადასცა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებმა მედიაციის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ზოგიერთ შემთხვევაში, თავიანთ კომპანიებში არასრულწლოვნების მოხალისეობრივად დასაქმებას დათანხმდნენ. ამ ნაბიჯით, მათ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების გაცნობიერების პროცესს შეუწყეს ხელი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე, პროცესში 5000-ზე მეტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩაერთო. მედიაციის პროცესში დაზარალებულისა და დამზარალებლის კონფლიქტის მოგვარება მიუკერძოებელი პროფესიონალის ჩართულობით ხორციელდება. მედიატორი პროცესში მხარეთა ინტერესებსა და საჭიროებებს თანაბრად ითვალისწინებს. განრიდებისა და მედიაციის პროცესში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებია ჩართული. მათი სიის გაფართოება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმით, დანაშაულის გააზრებას ისახავს მიზნად.
ეთიკის კოდექსის წარდგენა
პრობაციის ოფიცერთა ღირებულებები, პრინციპები და ქცევის ნორმები ერთიან ფორმატში იქნება დეკლარირებული. ეთიკის კოდექსი პრობაციის ბიუროების ხელმძღვანელებსა და ოფიცრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გააცნო. დოკუმენტი კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობისა და თანასწორობის პრინციპებს აერთიანებს. ის პრობაციის ოფიცრების საქმიანობის სამართლიანად და კვალიფიციურად წარმართვის ხელშეწყობას ემსახურება. ეთიკის კოდექსის განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო პრობაციის სისტემის გასაძლიერებლად, სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ ინიციატივებს, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას უზრუნველყოფს.
რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამის პრეზენტაცია
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება. რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო. ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, დანაშაულის განმეორების ალბათობა და ზიანის დონე ავტომატურად განისაზღვრება. სისტემა დანაშაულის განმეორებისა და მნიშვნელოვანი ზიანის დონის მაჩვენებლებს, სპეციალისტების მიერ შეყვანილი მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად ჩამოაყალიბებს. პროგრამა შემთხვევის მართვის პროცესში ადამიანურ რესურსებსაც განსაზღვრავს და შემთხვევის მმართველ პრობაციის ოფიცერს მიანიშნებს, რისკების მართვისა და საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში, რომელი სპეციალისტი ჩართოს. პროგრამაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგ კითხვარიც არის ინტეგრირებული. საჭირო რეაგირებას ის მსგავს შემთხვევებშიც ავტომატურად განსაზღვრავს. რისკებისა და საჭიროებების მაჩვენებლების ჩამოყალიბების პროცესის ავტომატიზება დაზოგავს სპეციალისტთა დროს, გამორიცხავს გამოთვლების პროცესში დაშვებულ შეცდომებს და უფრო ობიექტურს გახდის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას. ამ დრომდე, მსგავსი პროგრამა არ არსებობდა. ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეიქმნა. ინსტრუმენტი დანაშაულის პრევენციის მიზნების მიღწევას და რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით აღნიშნა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ქალი ბენეფიციარების ნაკეთობები პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლადო ხელაძემ ბენეფიციარებისთვის სიტყვით მიმართვისას ქალთა გაძლიერებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტებზე ისაუბრა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა პარტნიორზე მოძალადე პირებისთვის ქცევის კორექციის პროგრამაა, რომელშიც უკვე 500-მდე პირი ჩაერთო. ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women-ის მხარდაჭერით, 2016 წელს დაინერგა. შეხვედრაზე აქცენტი პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზეც გაკეთდა. შეხვედრას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი, ორგანიზაცია “ქალი და ბიზნესის“ ხელმძღვანელი ნინო ელიზბარაშვილი და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ელენე სამუშია ესწრებოდნენ. ქალ ბენეფიციართა მხარდაჭერისკენ მიმართული ღონისძიება ნარინჯისფერ კვირეულს უკავშირდება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს - 25 ნოემბერს გაიხსნა და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიხურება. გლობალური ინიციატივა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველების საქმიანობას გაეცნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველების საქმიანობას გაეცნენ. ამ მიზნით, ისინი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდნენ. მოზარდებს ოპერაციების დროს მოქმედებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია უშუალოდ მეხანძრე-მაშველებმა გააცნეს. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენელი არასრულწლოვნებს სამსახურის სპეციფიკაზე ესაუბრა და სახანძრო ავტო-ცისტერნა დაათვალიერებინა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალურად მოზარდებისთვის, სამთო კედელზე სავარჯიშოებიც შეასრულეს. თეორიული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ინსტრუქტორების უშუალო ზედამხედველობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობაც მიეცათ. მოზარდები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ. პროექტი - „მე გავხდები პროფესიონალი“ - ცენტრის დაარსებიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, არასრულწლოვნები სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებს პერიოდულად სტუმრობენ. სამუშაო გარემოში პროფესიის გაცნობა კი, მათ სპეციალობის არჩევაში ეხმარება. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ცენტრის მიზანს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია წარმოადგენს.
მემორანდუმი „ასოციაცია ჰერა XXI“-თან
სააგენტოს ბენეფიციარებს ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტაციას „ასოციაცია ჰერა XXI“ გაუწევს. ამასთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „ასოციაცია ჰერა XXI“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს უფროსმა, ბუბა ლომუაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო წულეისკირმა მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ასოციაციის სპეციალისტები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფენ. ისინი სააგენტოს ბენეფიციარებსა და სოციალურ მუშაკებს საგანმანათლებლო შეხვედრებს ჩაუტარებენ. გაუწევენ როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ექიმი რეპროდუქტოლოგი სოციალურ მუშაკებს მიმართულების ძირითად ასპექტებს გააცნობს და ცენტრის ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური პორტრეტების შედგენისთვის, კითხვარებს შეიმუშავებს. სერვისით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის 10 ბენეფიციარი ისარგებლებს, ხოლო განრიდებული და არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის საჭიროებებზე მორგებული გაერთიანებული თემატური საგანმანათლებლო სესია ჩატარდება. თანამშრომლობა სააგენტოს ბენეფიციარების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში ხელშეწყობას ემსახურება. მისი გაგრძელების უზრუნველსაყოფად, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები შემუშავდება. „ასოციაცია ჰერა XXI“-ისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად, ცენტრის ფსიქოლოგი International Planned Parenthood Federation (IPPF)-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობდა. სწავლება სექსუალურად ტრანსაგრესიული ქცევის შეფასებისა და რეაგირების ინოვაციურ მიდგომას ეხებოდა, რომლის დანერგვაც საქართველოში სამომავლოდ იგეგმება.
ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა
დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერება, არასაპატიმრო სასჯელთა ეფექტური აღსრულება და პრობაციის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა - ეს მიმართულებები განიხილეს სააგენტოს ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაზე. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი უძღვებოდა. მან, უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სააგენტოში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და განვითარების სამომავლო გეგმები წარადგინა. გეგმის მიხედვით, ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების არეალი გაფართოვდება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტური აღსრულების გასაზრდელად, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმების გაფორმება გაგრძელდება. მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის მედიატორები საქართველოს ყველა რეგიონში დასაქმდებიან. გაგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარება. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, შინაპატიმრობის აღსრულებისას უზრუნველყოფილი იქნება დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება. პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და სერვისების უზრუნველყოფა პრობბოქსის საშუალებით განხორციელდება. ამ მიზნით, ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა მიმდინარე წლის დეკემბრიდან 6 რეგიონის იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. მისი საშუალებით, პრობაციონერები, გამოცხადების დაფიქსირებასა და სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობას, ბიუროებში მისვლის გარეშე შეძლებენ. სააგენტოს მიზნების მისაღწევად, გაძლიერდება ანალიტიკური მიმართულება და განმტკიცდება საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები. შეხვედრა აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა. მას ბიუროს სასჯელაღსრულების საკითხებში უფროსი მრჩეველი სკოტ ვიგინსი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.