წლიური ანგარიშის წარდგენა
ტექნოლოგიური ინოვაციები, ადამიანური რესურსების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განახლება და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2021 წელს მიღწეული შედეგები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა შეაჯამა. ანგარიშის პრეზენტაციისას მინისტრის მოადგილე სააგენტოს საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას შეეხო. 2021 წელს, საქართველოში პრობაციონერებისთვის ინოვაციური მოწყობილობა - Probbox-ი შეიქმნა. ევროპაში პირველი, ნოვატორული ტექნოლოგიური მოწყობილობა პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისების მიწოდებას, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს. ამავე წლის განმავლობაში, გაიხსნა იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი ქუთაისში, მისი მუნიციპალური ოფისები ზესტაფონსა და თერჯოლაში. გარდაბნის პრობაციის ოფისი გარდაბნის იუსტიციის სახლში, ხოლო სიღნაღის, კასპისა და ჩხოროწყუს პრობაციის ოფისები შესაბამის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა. 2021 წლის ივლისში, ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა. გაძლიერდა ადამიანური რესურსიც. კერძოდ, პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12%-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26%-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, დაინერგა 4 ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა. წელსვე, განრიდების პროგრამებში 577 არასრულწლოვანი და 21 წლამდე სრულწლოვანი ჩაერთო. წარმატებული მედიაციის მაჩვენებელმა კი, 67% შეადგინა. სააგენტოს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შრომამისჯილი პირების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულობისა და სასჯელის მოხდის შემდგომ, მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხაშურის, ბორჯომის, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან. შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრში შეიქმნა მობილური და 24 საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები. გაღრმავდა თანამშრომლობა აშშ-ს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრობლობის ბიუროსთან (INL), Probbox-ის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიზნით, გააქტიურდა თანამშრომლობა ევროპის პრობაციის კონფედერაციასთან (CEP). სააგენტოს მიღწევების წარდგენის შემდეგ, ბუბა ლომუაშვილი უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმასაც შეეხო. დოკუმენტი 2022-2026 წლებისთვის სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს განსაზღვრავს. ანგარიშის პრეზენტაციას სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ონლაინ შეხვედრა პრობაციის ევროპული კონფედერაციის გენერალურ მდივანთან
პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) Probbox-ს საერთაშორისო პოპულარიზაციას გაუწევს. ამის შესახებ სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლადო ხელაძემ პრობაციის ევროპული კონფედერაციის გენერალურ მდივანთან, ვილემ ვან დერ ბრუგესთან გამართული შეხვედრისას ისაუბრა. 2022 წლის თებერვალში, კონფედერაციის ვებ-გვერდზე Probbox-ის შესახებ სტატია და ვიდეო რგოლი განთავსდება. CEP-ი ქართული ინოვაციური მოწყობილობის შესაძლებლობების შესახებ მისი წევრების დეტალურ ინფორმირებას განახორციელებს. ამასთან ერთად, სააგენტოს პრობაციის სისტემის წარმომადგენელი კონფედერაციის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფში ჩაერთვება, რომელიც შესაბამის დარგში ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და დანერგვას ითვალისწინებს. Probbox-ი - პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეიქმნა. Probbox-ის საშუალებით, პირველად ევროპაში, პირობით მსჯავრდებულთა კონტროლი და რეგისტრაცია, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით ხორციელდება. Probbox-ი, 2021 წლის 22 დეკემბრიდან, საპილოტე რეჟიმში, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში დაინერგა, ხოლო შემდგომ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. ინოვაციური მოწყობილობა პრობაციონერებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას მნიშვნელოვნად უმარტივებს და მათთვის საჭირო სერვისების მიღებას უზრუნველყოფს.
"PROBBOX"-ის პრეზენტაცია
პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით შეძლებენ. დღეიდან ეს ყველაფერი პირობით მსჯავრდებულებისთვის ელექტრონულად იქნება უზრუნველყოფილი. ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა საპილოტე რეჟიმში ჩაირთო. „PROBBOX“-ი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მის მოადგილესთან, ბუბა ლომუაშვილთან ერთად წარუდგინა. ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოს 6 დიდ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განაწილდა. შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია თუ მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა - ამ და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება „PROBBOX“-ით მოხდება. ნოვატორული სიახლის დანერგვამდე, ვალდებულებების შესასრულებლად პირობით მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში მისვლა ესაჭიროებოდა. ინოვაციური მოწყობილობის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განაწილება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორული მექანიზმის შექმნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას დაანონსდა. „PROBBOX“- ი 6 დიდი ქალაქის შემდეგ, ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.
სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება დაიწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება დაიწყო. ამ მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სააგენტოს ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, დარგის სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა. ფსიქო-სოციალური და პრო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს ახალ პროგრამებზე სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ფასილიტატორებად გადამზადება. ეს ცვლილება პრობაციის სისტემის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების მიწოდებას ისახავს მიზნად. პროგრამების განახლება სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ხორციელდება. მის მხარდაჭერას აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) უზრუნველყოფს. პროცესში დარგის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების - "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP)“ და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)" ექსპერტები არიან ჩართული. სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება გაგრძელდება. პროცესში პენიტენციური სამსახურის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკებიც ჩაერთვებიან. 2022 წლიდან კი, ორივე სისტემას ერთგვაროვანი, ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარების შესაძლებლობა ექნება.
მინისტრის საათი პარლამენტში
პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს. პრობაციონერებისთვის შექმნილი ახალი, ელექტრონული კონტროლის თანამედროვე სისტემის ამოქმედების შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა. რატი ბრეგაძის განცხადებით, პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები ტარდება, რომელთა შორის ერთ-ერთია მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი „PROBBOX“-ი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსჯავრდებულს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას გაუადვილებს, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და გაზრდის ანონიმურობის ხარისხს. მინისტრის ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში, რეგიონებში გაიხსნა რეფერირების ცენტრები. საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შესახებ მუნიციპალიტეტებთან გაფორმდა მემორანდუმები.
მემორანდუმი მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობისთვის
მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პენიტენციურ დაწესებულებებში და მის გარეთ მყოფი მსჯავრდებულების ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მოაწერეს. სამომავლოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულებისთვის გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ერთობლივი ტრენინგ-კურსებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება.
განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილე უწყებები დაჯილდოვდნენ
განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები დაჯილდოვდნენ. მათ წარმომადგენლებს მადლობის სიგელები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გადასცა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებმა მედიაციის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ზოგიერთ შემთხვევაში, თავიანთ კომპანიებში არასრულწლოვნების მოხალისეობრივად დასაქმებას დათანხმდნენ. ამ ნაბიჯით, მათ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების გაცნობიერების პროცესს შეუწყეს ხელი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე, პროცესში 5000-ზე მეტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩაერთო. მედიაციის პროცესში დაზარალებულისა და დამზარალებლის კონფლიქტის მოგვარება მიუკერძოებელი პროფესიონალის ჩართულობით ხორციელდება. მედიატორი პროცესში მხარეთა ინტერესებსა და საჭიროებებს თანაბრად ითვალისწინებს. განრიდებისა და მედიაციის პროცესში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებია ჩართული. მათი სიის გაფართოება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმით, დანაშაულის გააზრებას ისახავს მიზნად.
ეთიკის კოდექსის წარდგენა
პრობაციის ოფიცერთა ღირებულებები, პრინციპები და ქცევის ნორმები ერთიან ფორმატში იქნება დეკლარირებული. ეთიკის კოდექსი პრობაციის ბიუროების ხელმძღვანელებსა და ოფიცრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გააცნო. დოკუმენტი კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობისა და თანასწორობის პრინციპებს აერთიანებს. ის პრობაციის ოფიცრების საქმიანობის სამართლიანად და კვალიფიციურად წარმართვის ხელშეწყობას ემსახურება. ეთიკის კოდექსის განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო პრობაციის სისტემის გასაძლიერებლად, სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ ინიციატივებს, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას უზრუნველყოფს.
რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამის პრეზენტაცია
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება. რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო. ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, დანაშაულის განმეორების ალბათობა და ზიანის დონე ავტომატურად განისაზღვრება. სისტემა დანაშაულის განმეორებისა და მნიშვნელოვანი ზიანის დონის მაჩვენებლებს, სპეციალისტების მიერ შეყვანილი მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად ჩამოაყალიბებს. პროგრამა შემთხვევის მართვის პროცესში ადამიანურ რესურსებსაც განსაზღვრავს და შემთხვევის მმართველ პრობაციის ოფიცერს მიანიშნებს, რისკების მართვისა და საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში, რომელი სპეციალისტი ჩართოს. პროგრამაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგ კითხვარიც არის ინტეგრირებული. საჭირო რეაგირებას ის მსგავს შემთხვევებშიც ავტომატურად განსაზღვრავს. რისკებისა და საჭიროებების მაჩვენებლების ჩამოყალიბების პროცესის ავტომატიზება დაზოგავს სპეციალისტთა დროს, გამორიცხავს გამოთვლების პროცესში დაშვებულ შეცდომებს და უფრო ობიექტურს გახდის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას. ამ დრომდე, მსგავსი პროგრამა არ არსებობდა. ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეიქმნა. ინსტრუმენტი დანაშაულის პრევენციის მიზნების მიღწევას და რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.