საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს თანხა შეუგროვდათ. ამისთვის ეროვნულ არქივში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქველმოქმედო მიზნით, ცენტრის ბენეფიციარებისთვის სამინისტროს სისტემის 80-ზე მეტმა თანამშრომელმა საკუთარი ხელით შესრულებული ტილოები და ხელნაკეთი ნივთები წარადგინა. გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით არასრულწლოვნებს საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს შეუძენენ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს, ლადო ხელაძეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ფრუიძემ გადასცა.
ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
ეროვნულ არქივში ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და შშმ პირების ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საგამოფენო სივრცეში სააღდგომო თემატიკის ნაკეთობებია წარმოდგენილი. გამოფენილი ნამუშევრების გაყიდვიდან შესული თანხა ხის სოციალური საწარმოს განვითარებას და მისთვის სამუშაო მასალების შეძენას მოხმარდება. ხის სოციალურ საწარმოში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები შშმ პირებთან ერთად მუშაობენ და განმავითარებელ სათამაშოებს ქმნიან. პროექტის მიზანი შშმ პირებთან ყოფილ მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა ინტეგრირება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტს „ერთად-ერთმანეთისთვის“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული ააიპ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“ ახორციელებს. ეროვნულ არქივში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი, ბუბა ლომუაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
განრიდებისა და მედიაციის კონფერენცია
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თერთმეტი წლის შედეგები შეაჯამეს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით, სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა. განრიდება სასჯელის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც არასრულწლოვანს დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე და ნასამართლობის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს. განრიდებისა და მედიაციის პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში 11 წელია, ფუნქციონირებს. ის თავდაპირველად 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებდა და ნაკლებად მძიმე დანაშაულს ეხებოდა. 2014 წლიდან, პროგრამის შთამბეჭდავი შედეგების გათვალისწინებით, განრიდება მძიმე დანაშაულის შემთხვევებზეც გავრცელდა; 2015 წლიდან, როდესაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამოქმედდა, განრიდების პროგრამაში ჩართვა 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვისაც გახდა შესაძლებელი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამის მუშაობას პანდემიის პირობებში, როდესაც პროექტში ჩართულ მხარეებს დისტანციურ რეჟიმში უწევდათ მუშაობა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, 2021 წელს განრიდების პროგრამებში წარმატებული მედიაციის ყველაზე მაღალი – 65%-იანი წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონფერენციის ბოლოს ჯილდოები გადაეცათ პროგრამაში ჩართულ პროფესიონალებს – წარმატებულ პროკურორებს, მედიატორებსა და სოციალურ მუშაკებს. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ – ფარგლებში ჩატარდა და მას აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ. ტერენს მაკნელის პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენით, მოზარდები მარია კალასის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გაეცნენ. ცენტრის ბენეფიციარები თეატრში პროექტ „მოგზაურობის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. ისინი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში ერთვებიან. მსგავსი ტიპის აქტივობები არასრულწლოვნებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში, სოციალურ ჩართულობასა და ინტერესების გაღრმავებაში ეხმარება. პროექტს რუსთაველის ეროვნული თეატრის მხარდაჭერით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება გრძელდება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება გრძელდება. ამჯერად სააგენტოს ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ბიბლიოთერაპიის მიმართულებით გადამზადდნენ. ფსიქო-სოციალური და პრო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს ახალ პროგრამებზე სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ფასილიტატორებად გადამზადება. ეს ცვლილება პრობაციის სისტემის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების მიწოდებას ისახავს მიზნად. პროგრამების განახლება სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ხორციელდება. მის მხარდაჭერას აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) უზრუნველყოფს. პროცესში დარგის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების - "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP)“ და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)" ექსპერტები არიან ჩართული.
მემორანდუმი „აითი აკადემია სტეპ“-თან
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სააგენტოს ბენეფიციართა მომზადებას „აითი აკადემია სტეპ“-ი უზრუნველყოფს. ამ მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლადო ხელაძემ და „აითი აკადემია სტეპ“-ის დირექტორმა, მაკა მახათაძემ მოაწერეს. აკადემიის სპეციალისტები სააგენტოს ბენეფიციარებს არაერთ მიმართულებას შეასწავლიან, მათ შორის 2D გრაფიკას და UI/UX დიზაინს, 3D გრაფიკას და ანიმაციას, Frontend ვებ-პროგრამირებას, ინტერიერის დიზაინს, IT მხარდაჭერას და ციფრულ მარკეტინგს. სააგენტოსა და აკადემიას შორის არსებული თანამშროლობა ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
იმერეთის რეგიონში მედიაციის სივრცე გაიხსნა
დღეიდან იმერეთის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს ახლად მოწყობილ სივრცეში მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. ადგილზე მედიაციის მონაწილე მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების პირობები. ამ დრომდე იმერეთის რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვა მხოლოდ სხვა უწყებების სივრცეში იყო შესაძლებელი. რეგიონში პირველი მედიაციის სივრცის გახსნა კი, მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას გაუმარტივებს. მედიაციის საერთო შეხვედრებისთვის მოწყობილი ფართი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ლადო ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, ბუბა ლომუაშვილი და ლადო ხელაძე იმერეთის პრობაციის ბიუროში და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ქუთაისის ოფისშიც იმყოფებოდნენ, სადაც პრობაციის ოფიცრებთან, ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების გეგმას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, მოწვეულ სტუმრებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სააგენტოს განვითარების პროცესში, პარტნიორი ქვეყნების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, 2022-2026 წლებში, სააგენტო აქტიურად გააგრძელებს პერსონალზე ზრუნვას, ინფრასტრუქტურულ განახლებას, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარებას, მედიაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების გაფართოებას. გაგრძელდება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით პრობაციის სისტემის მასშტაბური რეფორმა და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების განმტკიცებას, ასევე სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციების და კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას. პრეზენტაციის შემდეგ, მოწვეული სტუმრები პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს გაეცნენ. შეხვედრას აშშ-ს, გერმანიის, თურქეთის, ლიეტუვას, რუმინეთის, აზერბაიჯანის და იაპონიის საელჩოების, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
56 მსჯავრდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთო
56 მსჯავრდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთო. ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სხვადასხვა ობიექტზე განაწილდნენ. თბილისის პარკინგი, ავტობაზები, ელექტრო-მექანიკური სამსახური, ცენტრალური საწყობი, გაერთიანებული სახელოსნო, ელ. დეპოები - ამ არეალებში, მსჯავრდებულები საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს შრომით აანაზღაურებენ და სასჯელის მოხდის შემდგომ, დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. მათ სამუშაო პროცესს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ხელაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, გიორგი შარკოვთან ერთად გაეცნო. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში მსჯავრდებულთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ხელაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს, გიორგი შარკოვსა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, დავით ფაჩულიას მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდნენ. შეთანხმების მიხედვით, მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვთ განსაზღვრული, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში განაწილდებოდნენ და წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის შემდგომ, დასაქმებას შეძლებდნენ. ინიციატივა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიან აღსრულებას, ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ მიზნით, 2021 წელს, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მემორანდუმები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხაშურის, ბორჯომის, გურჯაანის, ყვარლის, თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან გააფორმა. 2026 წლის ჩათვლით, მემორანდუმები ქვეყნის ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება.