14 September 2022

პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეების დაჯილდოება

პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეების დაჯილდოება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეები დააჯილდოვა. პროექტში მონაწილეობა 13-მა პედაგოგმა და სააგენტოს 16-მა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარებს სერტიფიკატები, ხოლო მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ გადასცეს.
 
პროექტის ფარგლებში, მოხალისე პედაგოგებმა პირობით მსჯავრდებულები, განრიდებული პირები, რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში მოამზადეს.
 
ღონისძიებას პროექტის განხორციელებაში ჩართული სააგენტოს სპეციალისტები, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და ამავე დეპარტამენტის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინატორი ხატია თადიაშვილი ესწრებოდნენ.
 
პროექტი „მოხალისე პედაგოგი“, ერთი მხრივ, სააგენტოს ბენეფიციარების განათლების ხელშეწყობას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას ემსახურება.

Similar news