ღია კარის დღე სტუდენტებისთვის
პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობა PROBBOX-ი, პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის სისტემა და მიმდინარე პროექტები - მომავალი იურისტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოაწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი სააგენტოს საქმიანობას გაეცნო.
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მომავალ იურისტებს კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ღია კარის დღე სტუდენტებისთვის უწყების საქმიანობის გაცნობას და ამ გზით, მათთვის კარიერული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება. სტუდენტებთან შეხვედრა სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ გახსნა.