17 ოქტომბერი 2021

ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით დაასრულა გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა. ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე ცენტრის ბენეფიციარების ნაკეთობებსა და ნახატებს დაეთმო.
 
გამოფენილი ნამუშევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ ტყეშელაშვილთან და ვიცე-პოლკოვნიკ თამარ მღებრიშვილთან ერთად დაათვალიერა. მანვე ხელოვნებითი თერაპიის პროგრამების გაფართოება დააანონსა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააგენტოს ხელმძღვანელი ერთ-ერთ არასრულწლოვანს, რომლის ნამუშევარიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, თუმცა ღონისძიებაზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, სახლში ესტუმრა და მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
 
კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რეფერირების ცენტრში უკვე გაიმართა ბენეფიციართათვის საინფორმაციო შეხვედრა ნაადრევი ქორწინების რისკების, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების და დისკრიმინაციის ფორმების შესახებ.
 
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულია, რომლის მიზანია, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი კანონთან კონფლიქტში მყოფი და სხვა რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.

მსგავსი სიახლეები