შინაპატიმრობა

 

შინაპატიმრობის აღსრულების წესი და პირობები

 

  • შინაპატიმრობის აღსრულება გულისხმობს სამართლებრივი აქტით დადგენილ, დღე-ღამის შესაბამის პერიოდში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე მის უწყვეტად ყოფნის ვალდებულებას.

 

  • შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.

 

  • შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.

 

  • შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

 

  • შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.

 

  • სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის სპეციალისტები ელექტრონულ მონიტორინგს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფენ.

 

 

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასური, გადახდის წესი და პირობები

 

  • შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დადგენილია შინაპატიმრობის ვადის განმავლობაში, ყოველთვიური სავალდებულო გადასახადი, რომლის საფასურიც შეადგენს თვეში 100 ლარს.

 

  • საფასურის პირველი გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონული საშუალების დამაგრებიდან 7 დღის ვადაში, რომლის ათვლა იწყება დამაგრების მომდევნო დღიდან.

 

  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დაუყოვნებლივ, გადახდიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს წარედგინება პრობაციის ბიუროს.

 

  • შესაძლებელია საფასურის წინმსწრებად გადახდა

 

  • სასჯელის სახის შეცვლის ან შინაპატიმრობის გაუქმების შემთხვევაში, წინმსწრებად გადახდილი საფასურის შესაბამისი ნაწილი (თვიური გაანგარიშებით) უბრუნდება მსჯავრდებულს.

 

  • ყოველთვიური საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახედ შეეფარდა შინაპატიმრობა ან დანიშნული სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით, ასევე მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

 

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიები

 

  • აპარატურის სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის 5000 ლარის განთავსება სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

  • ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიიდან აპარატურის სრული ღირებულების დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისის წარმოდგენა ბიუროში.

 

  • ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან აპარატურის ღირებულების ოდენობაზე გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

 

  • მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ერთ-ერთი გარანტია, რომელიც უნდა იქნას წარმოდგენილი აპარატურის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში.

 

  • აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, დეპოზიტზე განთავსებულ თანხას გამოაკლდება მიყენებული ზიანის პროპორციული თანხის ოდენობა და დარჩენილი თანხა დაუბრუნდება თანხის შემომტან პირს.

 

  • აპარატურის დაზიანების გარეშე, შინაპატიმრობის მოხდის ან შინაპატიმრობის აღსრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შინაპატიმრობის აღსრულების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად უბრუნდება სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა.

 

  • გარანტიის წარმოდგენისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.