არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო
26 ოქტომბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდები თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი. მათ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მემორიალური ნივთები დაათვალიერეს. გიდის დახმარებით გაეცნენ მუზეუმში დაცულ ფოტომასალას და ხელნაწერებს. მოზარდებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაგრძელდება. სააგენტოს ბენეფიციარებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვა მუზეუმების მონახულების შესაძლებლობაც ექნებათ. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტი ,,მე გავხდები პროფესიონალი" გრძელდება
25 ოქტომბერი 2022

პროექტი ,,მე გავხდები პროფესიონალი" გრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ,,მე გავხდები პროფესიონალი" გრძელდება. ცენტრის ორგანიზებით, მოზარდები ფოტოგრაფიის სპეციალობის გაცნობის მიზნით, ფოტოსტუდიაში იმყოფებოდნენ. ბენეფიციარებს ცოდნა და პროფესიული გამოცდილება გურამ წიბახაშვილმა გაუზიარა. ის მოზარდებს ფოტოხელოვნებისა და ფოტოგრაფიის შესახებ ესაუბრა. გააცნო პირველი ფოტოგამოსახულებისა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორია. მოგვიანებით კი, ფოტოსტუდიაში ის აპარატურა დაათვალიერებინა, რომელიც პროფესიონალური გადაღებისთვის გამოიყენება. გურამ წიბახაშვილი დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე ესაუბრა. უცნობი სპეციალობების გაცნობა მოზარდებს მრავალფეროვანი ინტერესების შეძენაში დაეხმარება. პროექტი - „მე გავხდები პროფესიონალი“ ბენეფიციარებისთვის პროფესიის არჩევაში დახმარებას ისახავს მიზნად.

პროექტ "პროფ-ორიენტაციის" ფარგლებში არასრულწლოვანი ბენეფიციარები საწარმოში იმყოფებოდნენ
24 ოქტომბერი 2022

პროექტ "პროფ-ორიენტაციის" ფარგლებში არასრულწლოვანი ბენეფიციარები საწარმოში იმყოფებოდნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება. ამ მიზნით, არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს და “აქვა-გეო”-ს საწარმოში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა ქარხანა დაათვალიერეს. საწარმოო პროცესს სპეციალისტების ჩართულობით ადგილზე გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს. სხვადასხვა სფეროს გაცნობა არასრულწლოვნებს სხვადასხვა სპეციალობის გაცნობასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდებისთვის შემეცნებითი აქტივობები გაგრძელდება. ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება
21 ოქტომბერი 2022

პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება. მოზარდებმა საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თანამედროვე ქართველი რეჟისორის დათა ფირცხალავას ფილმი „მამა“ ნახეს. ჩვენების დაწყებამდე ბენეფიციარებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ მიმართეს. მათ პიროვნული განვითარების პროცესში ხელოვნების როლსა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის სააგენტოს პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

მომავალი მედიატორების გადამზადება დაიწყო
19 ოქტომბერი 2022

მომავალი მედიატორების გადამზადება დაიწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალი მედიატორების გადამზადებას იწყებს. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მედიატორთა რეესტრში ჩარიცხული პირები, პროფესიული მენტორობის პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. წარმატებულ კურსდამთავრებულებთან კი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იქნება შესაძლებელი. სასერტიფიკატო კურსი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს. მათ მომავალ სპეციალისტებს მედიატორთა რეესტრში ჩარიცხვა მიულოცეს და ადამიანური რესურსის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს გაუსვეს ხაზი. ევროკავშირის პროექტის - „AA FACILITY II“ ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკამ გამოსვლისას მედიაციის მექანიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მომავალ მედიატორებს სიტყვით მიმართა განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსმა მორის ბარამიამ. სისხლის სამართლის მედიატორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რეესტრის წარმოებისა და ჩარიცხვის წესი 2021 წლიდან მოქმედებს. ის სპეციალურად გადამზადებულ, სათანადო კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის მედიატორთა რეესტრის წარმოებასა და მედიატორთა ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნა
17 ოქტომბერი 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნა

გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მოაწყო. „მედიათეკაში“ გამართულ შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა. ლადო ხელაძე მოზარდებს განათლების შესაძლებლობებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ცენტრის ბენეფიციარებთან საუბრისას გოგონათა შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების საკითხებს შეეხო ტელეწამყვანი გვანცა დარასელია. მოწვეულმა სტუმარმა მოზარდებს ამ მიმართულებით პირადი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიების მიწურულს სააგენტოს უფროსმა ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გოგონათა საერთაშორისო დღე მეათე წელია, აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ღონისძიებების კვირეული მოაწყო. მოზარდები სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებს გაეცნენ.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს
12 ოქტომბერი 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს. ანიმაციების შემდეგ, პროექტ „კინოკლუბის“ ფარგლებში, მოზარდებმა კომედიური ჟანრის სურათი - „ოქროს ციებ-ცხელება“ ნახეს. სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას პერიოდულად მართავს. ამჯერად მორიგი ათი სეანსი ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, განსხვავებული კონცეფციით დაიგეგმა. კერძოდ, მოზარდებისთვის სხვადასხვა ჟანრის ფილმები კინემატოგრაფიული ღირებულებებით შეირჩა, რათა შინაარსობრივ ნაწილთან ერთად, კინოჩვენებას საგანმანათლებლო დატვირთვაც მიეცეს. პროექტი „კინოკლუბი“ ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

შეხვედრა  სამეგრელო-ზემო სვანეთის, აბაშისა და სენაკის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
11 ოქტომბერი 2022

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის, აბაშისა და სენაკის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და სამოქმედო გეგმა განიხილა. ლადო ხელაძემ პრობაციის ბიუროს თანამშრომლების საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ პერსონალისგან მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებისკენ მიმართულ აქტივობებზე ისაუბრა. ლადო ხელაძემ თანამშრომლებს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზეც გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. რეგიონში პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ
04 ოქტომბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ბოტანიკურ სივრცეს ესტუმრნენ და „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ. მოზარდები „გარდენიაში“ მცენარეების მოვლის წესებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია ხე-მცენარეების მნიშვნელობაზე, ნიადაგსა და მის ტიპებზე. გაიგეს, რა უნდა გაითვალისწინონ მცენარისთვის ქოთნის შერჩევის პროცესში. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ არასრულწლოვნები პრაქტიკულ სწავლებაშიც ჩაერთნენ. მოზარდებმა საკუთარი ხელით მოხატულ ქოთნებში ყვავილები ჩარგეს. აქტივობის დასრულების შემდეგ კი, ნამუშევრებით დასაჩუქრდნენ. მსგავსი ტიპის აქტივობები მოზარდებს განწყობის ამაღლებასა და დროის კონსტრუქციულად გატარებაში ეხმარებათ.