გოგონათა საერთაშორისო დღე
საინფორმაციო შეხვედრით აღუნიშნა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა. ნაადრევი ქორწინების რისკები, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის ფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად განიხილეს. დისკუსიის შემდეგ, მოზარდებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალა უჩვენეს. „ციფრული თაობა, ჩვენი თაობა“ - წელს გოგონათა საერთაშორისო დღე ამ სლოგანით აღინიშნება და ციფრულ წიგნიერებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად.
თერჯოლაში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა
პრობაციის ახლადგახსნილი ბიურო იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რეგიონის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პრობაციის ახალი ბიურო იმერეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღარულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოვებს. პრობაციის სააგენტოს რაიონული ბიუროები წელს უკვე გაიხსნა სიღნაღისა და ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრებში. უახლოეს მომავალში კი წყალტუბოს იუსტიციის სახლსა და კასპის საზოგადოებრივ ცენტრშიც განთავსდება.
შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან
პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ნოვატორული ტექნოლოგიური მიდგომა, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულება და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები იყო ტაჯიკეთის დელეგაციასთან შეხვედრის ძირითადი თემა. დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. სტუმრები სააგენტოში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ და პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ინოვაციური ტექნიკური მოწყობილობა - „Probbox“-ი და ელექტრონული მეთვალყურეობის მოწყობილობები დაათვალიერეს. უწყების საქმიანობის შესახებ მათთვის სპეციალური პრეზენტაციაც მომზადდა. დელეგაციის წევრებმა აღდგენითი მართლმსაჯულების ქართულ პრაქტიკაზე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია. ტაჯიკეთის პენიტენციური და ძალოვანი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა დელეგაცია საქართველოს ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით სტუმრობს.