არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნა
გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მოაწყო. „მედიათეკაში“ გამართულ შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ლადო ხელაძე მოზარდებს განათლების შესაძლებლობებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ცენტრის ბენეფიციარებთან საუბრისას გოგონათა შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების საკითხებს შეეხო ტელეწამყვანი გვანცა დარასელია. მოწვეულმა სტუმარმა მოზარდებს ამ მიმართულებით პირადი გამოცდილება გაუზიარა.
ღონისძიების მიწურულს სააგენტოს უფროსმა ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გოგონათა საერთაშორისო დღე მეათე წელია, აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ღონისძიებების კვირეული მოაწყო. მოზარდები სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებს გაეცნენ.