წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე
02 თებერვალი 2023

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერლებთან შეხვედრით აღნიშნა. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურით დაინტერესების პირველი გამოცდილება მწერალმა ბესო ხვედელიძემ გაუზიარა. ისაუბრა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც. შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარებს მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით შერჩეული წიგნები გადაეცათ. შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის მხარდაჭერით, წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ შედგა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურად, 2 თებერვალს აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.

საახალწლო ღონისძიება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის
28 დეკემბერი 2022

საახალწლო ღონისძიება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო. შედგა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლის გადაღებაც პროექტ „კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარის ჩართულობით განხორციელდა. საღამოზე კიდევ ერთი სურათის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოზარდებმა ანიმაციის რეჟისორ არჩილ კუხიანიძის დახმარებით შექმნეს. ანიმაციაზე მუშაობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მხარდამჭერებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, ბენეფიციართა რეაბილიტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მადლობის სიგელები გადასცეს. მოზარდების საახალწლო განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. ღონისძიების დასასრულს კი ბენეფიციარებს სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.

ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო
27 დეკემბერი 2022

ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. საგამოფენო დარბაზი თემატურად - რეგიონების მიხედვით მოეწყო. ამისთვის ბენეფიციარებმა მათი კუთხის სპეციფიკისა და კულტურის გამომხატველი ნაკეთობები შექმნეს. მომზადდა გასტრონომიული სივრცეც, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. შეჯამდა წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებიც. შეხვედრის მიწურულს ბენეფიციარებს სასაჩუქრე კალათები გადაეცათ

სამუშაო შეხვედრა უწყებათაშორისი კონფერენციის ფარგლებში
21 დეკემბერი 2022

სამუშაო შეხვედრა უწყებათაშორისი კონფერენციის ფარგლებში

უწყებათაშორის კონფერენციაზე სარეაბილიტაციო მომსახურებების, პროფესიული და მულტისექტორული თანამშრომლობის გეგმა განისაზღვრა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ შემთხვევების მართვის შესახებ იმსჯელეს. გაუზიარეს გამოცდილება სამიზნე ჯგუფებთან მუშაობისა და მულტისექტორული თანამშრომლობის გზებზე, რაც პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებს უფრო ეფექტიანს გახდის. მოგვიანებით კი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პანელების მუშაობის შედეგების ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. პირველი უწყებათაშორისი კონფერენცია - ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში - წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ჩართული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. კონფერენცია იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, პროექტის - „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ - ფარგლებში გაიმართა.

ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში
20 დეკემბერი 2022

ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში

იუსტიციის სამინისტრო პრობაციისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს. კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ჩართული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ შემთხვევის მართვის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და განიხილავენ მულტისექტორული თანამშრომლობის კონკრეტულ გზებს, რაც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებს უფრო ეფექტიანს გახდის. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიონალურ საქმიანობაზე; შეფასდა სისტემებში ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა პროექტის - „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ - ფარგლებში. კონფერენციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები; დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები

კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გრძელდება
19 დეკემბერი 2022

კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გრძელდება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გრძელდება. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უწყების არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია „სარაჯიშვილისა“ და დავით სარაჯიშვილის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. ტურის ფარგლებში, მოზარდებმა ქარხნის საწარმოო პროცესი დაათვალიერეს და ქართული ღვინის ბრენდის ისტორიას გაეცნენ, რომელიც „სარაჯიშვილის“ ქარხანაში 1884 წელს დაიწყო. მემორიალურ მუზეუმში სტუმრობისას კი, კედლებზე დატანილი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტებით საზოგადო მოღვაწის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე მიიღეს ინფორმაცია. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში
10 დეკემბერი 2022

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გამართა. კამპანიის ფარგლებში, ბენეფიციარები თანამედროვე ქართველ მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილს შეხვდნენ. მწერალმა და მთარგმნელმა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე, ასევე, იმ ბარიერებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც ქალებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უხდებათ. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ტყეშელაშვილმა უწყების მხრიდან ბენეფიციარების ხელშეწყობისთვის განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „ნარინჯისფერი კვირეული“ გლობალური ინიციატივაა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმის“ ლაბორატორიაში
09 დეკემბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმის“ ლაბორატორიაში

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები გრძელდება. ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმის“ ფიზიკისა და ქიმიის ინტერაქტიულ ლაბორატორიაში, ცდების ჩატარების პროცესში ჩაერთნენ. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას. ინტერაქტიული ექსპოზიციების საშუალებით, მოზარდები მათთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით გაეცნენ ფიზიკის კანონებს. ინტერაქტიულ სამეცნიერო მუზეუმში 70-მდე ექსპონატია წარმოდგენილი, რაც მოზარდებს ფიზიკის კანონების თუ ქიმიურ რეაქციებზე ინფორმაციის სახალისო ფორმით მიღებაში ეხმარება. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებული შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
08 დეკემბერი 2022

მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. უწყების თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, „რე-მარკეტში“ არსებული ნივთები სამუშაო ადგილზე შეეძინათ. გამოფენა-გაყიდვაზე მსჯავრდებულების დამზადებული აქსესუარები, სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნაკეთობები იყო წარმოდგენილი. მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ. გამოფენა-გაყიდვას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი ესწრებოდნენ. ალტერნატიულ სივრცეებში გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება, მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობას და „რე-მარკეტის“ შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.