რას გულისხმობს შინაპატიმრობა?

შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებული პირისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.

როგორ ხორციელდება შინაპატიმრობის აღსრულების კონტროლი?

შინაპატიმრობის აღსრულებისას  კონტროლი ხორციელდება, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, ხოლო თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენება - კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი (მოულოდნელი) ვიზიტებით.

პირობითი მსჯავრის შეფარდებიდან რამდენ ხანში უნდა გამოცხადდეს პირი პრობაციის ბიუროში?

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებლივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რა პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულს დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში?

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო თუ მსჯავრდებული რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს გაფრთილების ოქმს. აღნიშნული ოქმები მსჯავრდებულს გადაეცემა უშუალოდ ან ეგზავნება ფოსტით. მსჯავრდებული ვალდებულია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში, გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა, ბოლო დარღვევიდან 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, რაც, ასევე, შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის და/ან დადგენილი რეჟიმის დამძიმების საფუძველი.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი პირობითი მსჯავრის ვადამდე მოხსნა და რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო?

თუ პირობით მსჯავრდებული, გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაული პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას, პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, მსჯავრდებულმა საჭიროა წერილობითი განცხადებით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავითა და 381-ე მუხლით („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის საფუძველზე) სავალდებულოა, განცხადებას თან ერთვოდეს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, თუ დამატებით სასჯელად მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს ჯარიმა, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

თუ გამოცხადების დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, როდის უწევს მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში რეგისტრაცია?

იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება ამ დღეს პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მას ეკისრება მომდევნო გამოცხადების დღეს პრობაციის ბიუროში რეგისტრაცია.

 

თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ეუმქრება თუ არა შეფერხება მსჯავრდებულს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას?

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზეც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ.

რა შემთხვევაში ხდება პირობით მსჯავრდებულისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების უფლების მინიჭება?

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე- 14 მუხლის მიხედვით, საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე თქვენს წერილობით განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საზღვარგარეთ გამგზავრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, გეკისრებათ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით:

ა) ერთ თვემდე ვადით - 700 ლარი;

ბ) ერთიდან ორ თვემდე ვადით - 1200 ლარი;

გ) ორიდან ოთხ თვემდე ვადით - 1500 ლარი;

დ) ოთხიდან ექვს თვემდე ვადით - 2000 ლარი;

ე) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით - 2700 ლარი;

ვ) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით - 3500 ლარი.

შესაძლებელია თუ არა საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე ნებართვის მისაღებად განცხადების დაჩქარებულ ვადებში განხილვა?

საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე განცხადება, პრობაციის ბიუროს უფროსმა, შეიძლება, განიხილოს დაჩქარებული წესით, სამუშაო დღის 14:00 საათამდე წარმოდგენილი საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ განცხადების დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღის ვადაში განხილვისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურია 300 ლარი, ხოლო 2 სამუშაო დღის ვადაში განხილვისათვის - 250 ლარი. მსჯავრდებულისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.

რა პერიოდის განმავლობაში მიიჩნევა პირი ნასამართლევად?

პირი ნასამართლევად მიიჩნევა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლეობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

რა ვადაში ქარწყლდება ნასამართლობა?

ნასამართლობა ქარწყლდება:

ა) პირობით მსჯავრის შემთხვევაში - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნისას - სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;

გ) თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;

დ) თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში მძიმე დანაშაულისთის მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ;

ე) თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთის მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ;

თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.

აქვს თუ არა პირობით მსჯავრდებულს საცხოვრებლის შეცვლის და სხვა რაიონში გადასვლის უფლება?

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლომ მსჯავრდებულს ეკისრება მოვალეობა, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს პრობაციის ბიუროს უფროსი. თუ პირს სასამართლომ ამგვარი ვალდებულება არ დააკისრა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე უნდა აცნობოს შესაბამის პრობაციის ბიუროს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სააღსრულებლო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ვინ არიან პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში?

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; 

ბ) სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი; 

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;

დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი

მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აქვს თუ არა პირობით მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისიისთვის მიმართვის უფლება?

პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე კომისიის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, იმავე მსჯავრდებულს, შეუძლია, იმავე საკითხზე კვლავ მიმართოს შესაბამის პრობაციის ბიუროს კომისიის წინაშე შუამდგომლობისათვის, უარის მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

შეუძლია თუ არა პირობით მსჯავრდებულს ხანმოკლე პერიოდით რეგიონში გამგზავრების გამო პრობაციის სხვა ბიუროში რეგისტრაციის გავლა?

იმ შემთხვევაში თუ პირობით მსჯავრდებულს რეგიონში გამგზავრების გამო სურს ხანმოკლე პერიოდით (არაუმეტეს 3 თვისა) რეგისტრაცია გაიაროს პრობაციის სხვა ბიუროში, გამგზავრებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე, განცხადებით უნდა მიმართოს საქმისმწარმოებელ ბიუროს. განცხადებაში მიუთითოს პრობაციის ის ბიურო, სადაც დადგენილი რეჟიმის მიხედვით სურს გამოცხადება და რა ვადით. პირობით მსჯავრდებულს განცხადებაზე პასუხი ეცნობება წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

რა შემთხვევაში თავისუფლდება მსჯავრდებული საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდისგან?

თუ მსჯავრდებული რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, ის თავისუფლდება საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

როდის არის შესაძლებელი პრობაციის ბიუროში რეგისტრაციის გავლა?

პრობაციის ბიუროში რეგისტრაცია შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ვარ პირობით მსჯავრდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არ შემიძლია დამოუკიდებლად გაადაადგილება. როგორ მოვიქცე პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებასთან დაკავშირებით?

თუ თქვენ ხართ შეზრუდული შესაძლებლობის მქონე და დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ გადაადგილება, თქვენი პრობაციის ოფიცერი თქვენს საცხოვრებელ მისამართზე თავად გამოცდადდება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.

რა ვადაში ხდება რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა?

რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის ვადაში არ გადავიხდი დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას?

ამ შემთხვევაში, თქვენთვის დაკისრებული ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი მიმართავს აღმასრულებელს, რომელიც ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას განახორციელებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მიიჩნევა თუ არა საპატიოდ მსჯავრდებული პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო?

გაცდენა შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ, თუ მსჯავრდებული ბიუროში წარმოადგენს ექიმის სამედიცინო ცნობას (ფორმა #100), სადაც აღნიშნული იქნება, რომ გაცდენის დროს პირს არ შეეძლო გადაადგილება ან დაენიშნა წოლითი რეჟიმი.

რა საბუთებია წარსადგენი პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე გამოცხადებისას?

მსჯავრდებულმა პრობაციის ბიუროში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, 1 ცალი ფოტოსურათი ¾-ზე, ავტობიოგრაფია და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

შესაძლებელია თუ არა პრობაციის ბიუროში თვეში ერთხელ გამოცხადება?

პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისთის თვეში ერთხელ გამოცხადებისთვის მსჯავრდებულს შეუძლია განცხადებით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც  განიხილავს განცხადებას და გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით. განმცხადებელს პასუხი ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირი ერთჯერადად იხდის კანონმდებლობით დადგენილ საფასურს - 400 ლარს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ანგარიშზე, რის შემდეგაც მსჯავრდებული იღებს გამოცხადების ​შეღავათვიან ​რეჟიმს.

გამოცხადების დღეებთან დაკაშვირებით, ვრცელდება თუ არა შეღავათი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მსჯავრდებულზე?

პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისთვის ორ კვირაში ერთხელ გამოცხადებისთვის, მსჯავრდებულს შეუძლია განცხადებით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც  სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, განიხილავს განცხადებას. განმცხადებელს პასუხი ეცნობება განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

სასამართლოს მხრიდან პირისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდების შემდეგ პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში?

თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება შესაბამის პრობაციის ბიუროში და ვერ მოხერხდება მასთან დაკავშირება, პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ძებნის გამოცხადების თაობაზე.

შესაძლებელია თუ არა საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაგრძელებაზე განაცხადის გაკეთება?

მსჯავრდებულის მინდობილ პირს შეუძლია მიმართოს პრობაციის ბიუროს საზღვარგარეთ გამგზავრების  ნებართვის   გაგრძელების შესახებ განცხადებით. თანხმობის შემთხვევაში, ნებართვა გაგრძელდება, თუ პრობაციის ბიუროში წარმოდგენილი იქნება საზღვარგარეთ გამგზავრების საფასურის  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.