დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებით და მსჯავრდებულთა და ყოფილი პატიმართა რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფით, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების დანერგვითა და კოორდინაციით, განრიდების პროგრამების კოორდინაციით, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვითა და გამოყენების უზრუნველყოფით.
სააგენტო, თავის საქმიანობაში, ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და ცენტრალიზებული მართვის პრინციპებით. მისი მიზნები სრულ თანხვედრაშია სამინისტროს სტრატეგიული განვითარების ათწლიანი სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ამოცანებთან, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას.