სოციალური მუშაკების პროფესიული დღე აღინიშნა
21 მარტი 2023

სოციალური მუშაკების პროფესიული დღე აღინიშნა

იუსტიციის მინისტრმა სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა რატი ბრეგაძემ მათ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის განმტკიცების პროცესში სოციალური მუშაობის როლი გამოჰყო სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში, პენიტენციურ და აღსრულების სისტემებში, კომპლექსურ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან. ისინი აქტიურად არიან ჩართული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და ღონისძიებებში; მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში, მათი ქცევის პოზიტიური ცვლილების და საზოგადოებაში რეინტეგრაცის მიმართულებით; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობაში. სოციალური მუშაკების ჩართულობით აღსრულების პროცესში ხელი ეწყობა გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას და დავების შეთანხმებით დასრულებას. სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღე მსოფლიოში აღინიშნება და საზოგადოების კეთილდღეობისთვის სოციალური სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში
20 მარტი 2023

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს. მოზარდები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ. არასრულწლოვნებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და დეკორატიული მასალები შექმნეს; მიიღეს ინფორმაცია თიხასთან მუშაობის სპეციფიკაზე. მსგავსი აქტივობები მოზარდებისთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტები მოზარდების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.

მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს
18 მარტი 2023

მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს

სახელმწიფო მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტი, ყველა ჩართული უწყების მონაწილეობით, თავისუფლებააღკვეთილი პირის გათავისუფლების მომზადების პროცესში მხარდაჭერას ითვალისწინებს. პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან პირველი წელი კრიტიკულ პერიოდად მიიჩნევა, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, ყოფილმა მსჯავრდებულმა გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში რე-ინტეგრაციისთვის უწყვეტი მხარდაჭერა მიიღოს. დოკუმენტი, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტს წარედგინა. სახელმწიფოს გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გარდამავალი მენეჯმენტის პოლიტიკა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, განმეორებითი დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. დოკუმენტზე იუსტიციის სამინისტრო, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მუშაობს. პროცესი აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან
16 მარტი 2023

შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან

ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მენეჯმენტთან აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატის თანამშრომლობის პროგრამების განყოფილების საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმართველოს ხელმძღვანელი მაჰირ მუშტეიდზადა სააგენტოს უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევებს გაეცნო. შეხვედრაზე ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტით - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში” - გათვალისწინებული აქტივობები განიხილეს. ასევე, შეთანხმდნენ თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.

გამოცდილების გაზიარებისთვის პროფესიული სემინარი ჩატარდა
15 მარტი 2023

გამოცდილების გაზიარებისთვის პროფესიული სემინარი ჩატარდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების, განრიდება-მედიაციის, ასევე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება გრძელდება. ეს მიმართულებები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პროფესიული სემინარის ფარგლებში განიხილეს. საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის დარგობრივი თანამშრომლობა ერთობლივი დეკლარაციითაა განსაზღვრული. მემორანდუმი და დეკლარაცია, სხვა მიმართულებებთან ერთად, პროფესიული სემინარის ფორმატში, უწყებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“
10 მარტი 2023

საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“

დანაშაულის პრევენციისა და ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები საერთაშორისო კონფერენციაზე შეაჯამეს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ უწყების მიზნების განხორციელებაში ქალი სპეციალისტების როლი გამოჰყო. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სისტემაში დასაქმებულების 61% ქალია და სააგენტოს საქმიანობაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ლადო ხელაძემ გამოსვლისას პრობაციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიური სიახლის - „პრობბოქსის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოგონებამ სტიგმის დაძლევა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა უზრუნველყო. საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ქალთა საერთაშორისო დღე
07 მარტი 2023

ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთა საერთაშორისო დღე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა. „მედიათეკაში“ გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილებს ქალთა დღე მიულოცეს და ბენეფიციარების გაძლიერებისკენ მიმართული, ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები მიმოიხილეს. საზოგადოებაში ქალის როლზე ისაუბრა მოწვეულმა სტუმარმა, მომღერალმა ნატო მეტონიძემ. მან მოზარდებს პირადი -ცხოვრებისეული და კარიერული გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიების მონაწილეებისთვის არასრულწლოვანი ბენეფიციარების მიერ შექმნილი მხატვრული და ანიმაციური ვიდეორგოლების ჩვენება შედგა. შეხვედრის მიწურულს ბენეფიციარებს და მათ მშობლებს სიმბოლური საჩუქრები - ყვავილები და ვაუჩერები გადაეცათ.

ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანებასთან მემორანდუმი გაფორმდა
02 მარტი 2023

ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანებასთან მემორანდუმი გაფორმდა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ბენეფიციარები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროცესებში ჩაერთვებიან. სხვადასხვა საჭიროებისა და ასაკობრივი ჯგუფის მოზარდები შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ კულტურულ აქტივობებში. მემორანდუმის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სამუზეუმო ტურებითა და სერვისებით სარგებლობა. დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ მოაწერეს. პროექტი სააგენტოს სამიზნე ჯგუფის წევრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას შეასწავლიან
01 მარტი 2023

არასრულწლოვანი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას შეასწავლიან

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნას შეასწავლის. პროცესს ანიმაციის რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს. ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად მოიფიქრებენ. დახატავენ პერსონაჟებს, მოამზადებენ კადრირებას და შექმნიან ანიმაციას. პროექტის ფარგლებში მონაწილეები, უნარებისა და სურვილის შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ანიმაციის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი 2022 წელს დაიწყო. ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა რეჟისორთან ერთად, საახალწლო თემატიკაზე ანიმაციური სურათი შექმნეს. პროექტი მოზარდების რეაბილიტაციას, მათთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება.