25 ნოემბერი 2021

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით აღნიშნა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ქალი ბენეფიციარების ნაკეთობები პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
 
სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლადო ხელაძემ ბენეფიციარებისთვის სიტყვით მიმართვისას ქალთა გაძლიერებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტებზე ისაუბრა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა პარტნიორზე მოძალადე პირებისთვის ქცევის კორექციის პროგრამაა, რომელშიც უკვე 500-მდე პირი ჩაერთო. ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women-ის მხარდაჭერით, 2016 წელს დაინერგა. შეხვედრაზე აქცენტი პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზეც გაკეთდა.
 
შეხვედრას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი, ორგანიზაცია “ქალი და ბიზნესის“ ხელმძღვანელი ნინო ელიზბარაშვილი და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ელენე სამუშია ესწრებოდნენ.
 
ქალ ბენეფიციართა მხარდაჭერისკენ მიმართული ღონისძიება ნარინჯისფერ კვირეულს უკავშირდება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს - 25 ნოემბერს გაიხსნა და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიხურება. გლობალური ინიციატივა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები