დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ესტუმრნენ.
არასრულწლოვნებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თბილისისა და რუსთავის ცენტრი დაათვალიერეს და უწყების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ბენეფიციარებმა ოპერატორების სამუშაო სივრცეები მოინახულეს, სადაც ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეთა ზარებს უწყვეტ რეჟიმში პასუხობენ; გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების წესებს და მიიღეს საჭირო ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა - რა არის გადაუდებელი შემთხვევა, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი შემთხვევების დროს და რას მოიცავს ოპერატორთან სწორი თანამშრომლობა.
112-ის თანამშრომლებმა არასრულწლოვნებს არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციებიც განუმარტეს, რაც ცრუ ზარის დროსაა გათვალისწინებული.
ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით მსგავს აქტივობებს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს.