დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბორის თაყაიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისი.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს არასრულწლოვან ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფსიქიატრის კონსულტირებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოხდება მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგიც. ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან განხორციელდება ფსიქოგანათლება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის ფსიქიატრები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას გაუწევენ სააგენტოს ფსიქოლოგებს ბენეფიციარებისთვის მათზე მორგებული, ხარისხიანი სერვისის მიწოდების მიზნით.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ხელს შეუწყობენ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის დროულ ხელმისაწვდომობას, ცნობიერების ამაღლებასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას.