56 მსჯავრდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთო
56 მსჯავრდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთო. ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სხვადასხვა ობიექტზე განაწილდნენ. თბილისის პარკინგი, ავტობაზები, ელექტრო-მექანიკური სამსახური, ცენტრალური საწყობი, გაერთიანებული სახელოსნო, ელ. დეპოები - ამ არეალებში, მსჯავრდებულები საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს შრომით აანაზღაურებენ და სასჯელის მოხდის შემდგომ, დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. მათ სამუშაო პროცესს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ხელაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, გიორგი შარკოვთან ერთად გაეცნო.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში მსჯავრდებულთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ხელაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს, გიორგი შარკოვსა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, დავით ფაჩულიას მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდნენ. შეთანხმების მიხედვით, მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვთ განსაზღვრული, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში განაწილდებოდნენ და წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის შემდგომ, დასაქმებას შეძლებდნენ.
ინიციატივა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიან აღსრულებას, ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ მიზნით, 2021 წელს, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მემორანდუმები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხაშურის, ბორჯომის, გურჯაანის, ყვარლის, თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან გააფორმა. 2026 წლის ჩათვლით, მემორანდუმები ქვეყნის ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება.