პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება. მოზარდებმა საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თანამედროვე ქართველი რეჟისორის დათა ფირცხალავას ფილმი „მამა“ ნახეს.
ჩვენების დაწყებამდე ბენეფიციარებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ მიმართეს. მათ პიროვნული განვითარების პროცესში ხელოვნების როლსა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის სააგენტოს პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.
არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.