დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და „საქართველოს რაგბის კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - თორნიკე გოგებაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული აქტივობები განხორციელდება.
კერძოდ, ბენეფიციარები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად უსასყიდლოდ შეძლებენ ვარჯიშს საქართველოს რაგბის კავშირის საწვრთნელ ბაზაზე და უზრუნველყოფილნი იქნებიან სპორტული ეკიპირებით. ასევე, არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები სპორტსმენების ჩართულობით.
სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის არსებული თანამშროლობა არასრულწლოვანი ბენეფიციარების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.