აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა შედგა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე იმსჯელეს არასრულწლოვანთა რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის, შემთხვევის მართვის და ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ხელმძღვანელმა პირებმა ბიუროს თანამშრომლებს ამავე მიმართულებებით არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილებაც გაუზიარეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სააგენტოს სისტემაში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცა - პრობაციის კოდექსი, პრობაციის ოფიცრებისთვის წოდებების აღდგენა, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი და მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა, რომელიც პრობაციის ოფიცერს სამუშაოს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
სამუშაო შეხვედრები, რომლებიც სააგენტოს მენეჯერული რგოლისა და სპეციალისტების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, წლის განმავლობაში პრობაციის ყველა რეგიონულ ბიუროში ჩატარდება.