სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე გაიხსნა
სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე გაიხსნა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ახალი ოფისი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილმა გახსნეს. მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და დღეიდან, უკვე სენაკში მოქმედებს; უახლოეს პერიოდში კი, გორში, დედოფლისწყაროში, დმანისში, საჩხერეში, ხობსა და ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი. მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. 2022 წელს მედიაცია 658 პირის მიმართ იქნა გამოყენებული. წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი 60%-ით განისაზღვრა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სენაკის პრობაციის ბიუროში, თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის და მედიაციის მიმართულებით არსებული საჭიროებები განიხილეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე. უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა თანამშრომლებისგან - სპეციალისტებისგან, პრობაციის ოფიცრებისა და სოციალური მუშაკებისგან, პირადად მოისმინეს არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განიხილეს ინოვაციური მოწყობილობის - „პრობ-ბოქსის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი სიახლეები. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სისტემაში დაგეგმილი პროექტების ერთობლივი განხილვა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. მსგავსი ფორმატის შიდაუწყებრივი შეხვედრები გაგრძელდება, ყველა რეგიონს მოიცავს და თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობით, როგორც პირისპირ, ისე - ონლაინ რეჟიმში წარიმართება. დღეს გამართულ შეხვედრას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, ზურაბ ბუბუნაური და ერეკლე ჭანტურია, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი "მაკ-ჯორჯია"-სთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ბენეფიციარები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ორგანიზაცია “მაკ ჯორჯია“- ს მოხალისეობრივ პროექტებში ჩაერთვებიან. სააგენტო ორგანიზაციაში სამიზნე ჯგუფის წევრებს მოხალისეობრივი საქმიანობის შესასრულებლად გადაამისამართებს. ამასთან ერთად, საერთო აქტივობები დაიგეგმება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ორგანიზაცია “მაკ ჯორჯია“- ს დირექტორმა ჯერემი ჯეიმს გასკილმა მოაწერეს ხელი. პროექტი საზოგადოებაში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სააგენტოს სამიზნე ჯგუფის წევრების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ახალქალაქში მედიაციის სივრცე გაიხსნა
ახალქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე გაიხსნა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ოფისი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნა. ამ დროისთვის მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში და დღეიდან, უკვე ახალქალაქში მოქმედებს; უახლოეს პერიოდში კი, სენაკში, გორში, დედოფლისწყაროში, დმანისში, საჩხერეში, ხობსა და ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი. მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. 2022 წელს მედიაცია 658 პირის მიმართ იქნა გამოყენებული. წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი 60%-ით განისაზღვრა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ახალციხის პრობაციის ბიუროში, თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.
მულტიუწყებრივი შეხვედრა არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მულტიუწყებრივი შეხვედრა შედგა. საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე იმსჯელეს. განიხილეს რეფერირების მექანიზმის არსებული პრაქტიკა და სამომავლო აქტივობები დაგეგმეს. შეხვედრა პროექტ - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში შედგა. ის 2021 წლიდან ხორციელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მულტიუწყებრივ შეხვედრას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტებისთვის გზამკვლევი შემუშავდება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის 7-დან 14 წლამდე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის გზამკვლევი შემუშავდება. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის ექსპერტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობას გაეცნო. სამი დღის განმავლობაში კორინა ჯაკომელომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან დეპარტამენტებისა და სპეციალისტების საქმიანობაზე მიიღო ინფორმაცია. გზამკვლევთან ერთად, ექსპერტის ჩართულობით ფსიქო-სოციალური და მენტალური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის სახელმძღვანელოც შემუშავდება. საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა 2020 წელს გახდა.
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერლებთან შეხვედრით აღნიშნა. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურით დაინტერესების პირველი გამოცდილება მწერალმა ბესო ხვედელიძემ გაუზიარა. ისაუბრა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც. შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარებს მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით შერჩეული წიგნები გადაეცათ. შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის მხარდაჭერით, წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ შედგა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურად, 2 თებერვალს აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.