სარეაბილიტაციო პროგრამები განახლდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამები განახლდა. ფსიქო-სოციალური და პრო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელდა. ამისთვის, სააგენტოს და პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ფასილიტატორებად გადამზადდნენ. სულ ტრენინგებში 135-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა და თითო ტრენინგს სამი სრული სამუშაო დღე დაეთმო. აღნიშნული ცვლილებები პრობაციის და პენიტენციური სისტემების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების მიწოდების სრულყოფას ისახავს მიზნად.
განახლებული სარეაბილიტაციო პროგრამები სპეციალისტებს დღეს გადაეცათ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და პროგრამების განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ტყეშელაშვილმა განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზენტაცია წარადგინა.
პროგრამების განახლება სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივით და ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების სამუშაო ჯგუფის ჩართულობით განხორციელდა. პროცესის მხარდაჭერას აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) უზრუნველყოფდა. პროგრამების შექმნაში "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP)“ და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)" ექსპერტები მონაწილეობდნენ.