საქართველოს დელეგაცია პრობაციის მეხუთე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსი იასონ ნაჭყებია და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი კანადაში მიმდინარე კონგრესზე მოხსენებებით წარდგნენ.
მოხსენებისას გამომსვლელებმა პრობაციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური გამოგონება - პრობბოქსი წარადგინეს, ყურადღება გამახვილდა რისკისა და საჭიროებების შეფასების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა RNA-სა და ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის შესაძლებლობებზე. მოხსენების დასრულების შემდეგ დისკუსიაც გაიმართა. პრობაციონერებისთვის შექმნილმა ინოვაციამ აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია და გამოგონების შესახებ მეტი ინფორმაციის გაცნობის მიზნით, კონგრესის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად დეტალური განხილვა ჩაინიშნა.
პრობაციის მეხუთე მსოფლიო კონგრესი კანადის დედაქალაქ ოტავაში, 28 სექტემბერს გაიხსნა და 1-ელ ოქტომბერს დაიხურება.