19 October 2022

მომავალი მედიატორების გადამზადება დაიწყო

მომავალი მედიატორების გადამზადება დაიწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალი მედიატორების გადამზადებას იწყებს. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მედიატორთა რეესტრში ჩარიცხული პირები, პროფესიული მენტორობის პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. წარმატებულ კურსდამთავრებულებთან კი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იქნება შესაძლებელი.
 
სასერტიფიკატო კურსი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს. მათ მომავალ სპეციალისტებს მედიატორთა რეესტრში ჩარიცხვა მიულოცეს და ადამიანური რესურსის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს გაუსვეს ხაზი.
 
ევროკავშირის პროექტის - „AA FACILITY II“ ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკამ გამოსვლისას მედიაციის მექანიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მომავალ მედიატორებს სიტყვით მიმართა განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსმა მორის ბარამიამ.
 
სისხლის სამართლის მედიატორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რეესტრის წარმოებისა და ჩარიცხვის წესი 2021 წლიდან მოქმედებს. ის სპეციალურად გადამზადებულ, სათანადო კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის მედიატორთა რეესტრის წარმოებასა და მედიატორთა ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Similar news