მარნეულის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა მოაწერეს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი და უფროსის მოადგილები მარნეულის მუნიციპალიტეტში პრობაციის ბიუროს ადგილობრივ ოფისსაც ესტუმრნენ და თანამშრომლებს მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი ახალი შესაძლებლობები და სააგენტოში არსებული სიახლეები გააცნეს.