გურიის მედიაციის სივრცის დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა
გურიის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს. ოფისი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ მოინახულა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა.
ამ დრომდე რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება ხდებოდა საჭირო. მედიაციის ინსტიტუციური განვითარების მენეჯერის თინათინ ზედგინიძის თქმით, სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ.
ამ დროისთვის მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურსა და ოზურგეთში მოქმედებს; წლის ბოლომდე კი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაიხსნება.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.