შეხვედრა გორისა და ხაშურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
სისტემაში დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, თანამშრომლებთან შეხვედრები გრძელდება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გორისა და ხაშურის პრობაციის ბიუროებში იმყოფებოდა. ლადო ხელაძე თანამშრომლების სამუშაო გარემოსა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. თანამშრომლებთან შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სააგენტოს სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის არსებული სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
მემორანდუმი „World Vision’’-თან
ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასწავლო ტრენინგები და პროგრამები განხორციელდება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო „World Vision’’-თან ერთობლივ პროექტს იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები გატარდება. დაინერგება მათი გაძლიერებისთვის საჭირო ტრენინგ მოდულები. სასწავლო აქტივობები ახალგაზრდებს შესაბამისი ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და ,,World Vision’’-ის პროგრამების დირექტორმა, ეკატერინე გურგენაძემ მოაწერეს ხელი.
შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე დღეს მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში იმყოფებოდა. მან თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე მოინახულა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეებიც განიხილეს.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები ვეტერინარის პროფესიას გაეცნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ვეტერინარიით დაინტერესებული ბენეფიციარები პროფესიის სპეციფიკას კლინიკა „ვეტჰაუს“-ში გაეცნენ. დაათვალიერეს საოპერაციო და სარეაბილიტაციო სივრცეები. მოგვიანებით კი, ცხოველების მოვლის პროცესში სპეციალისტის ზედამხედველობით ჩაერთნენ. კლინიკაში ვიზიტი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით, ვეტერინარის პროფესიის გაცნობის მიზნით დაიგეგმა. პროექტი „მე გავხდები პროფესიონალი“ ცენტრის დაარსებიდან ხორციელდება. არასრულწლოვნები პერიოდულად სხვადასხვა დაწესებულებას სტუმრობენ. სამუშაო გარემოში პროფესიის გაცნობა მათ სპეციალობის არჩევაში ეხმარებათ.
იუსტიციის მინისტრის შეხვედრა სააგენტოს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო დანაშაულის პრევენციის მიმართულებას აძლიერებს. ამ მიზნით უწყება ახალ პროექტს უახლოეს მომავალში წარადგენს. პრიორიტეტული მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ ლადო ხელაძესა და უწყების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განვითარების სტრატეგია განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნო
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს ეცნობა. ამ მიზნით, დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ. სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მათ პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის და შინაპატიმრობის ელ. მონიტორინგის აღსრულებაზე მიაწოდა ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პირობით მსჯავრდებულებისთვის შექმნილ ინოვაციურ მოწყობილობას „PROBBOX”-ს გაეცნენ. მოისმინეს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე. სომხეთის რესპუბლიკის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელ გევორგ სიმონიანთან და სისტემის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები რუსთავში, პრობაციის ბიუროს ესტუმრებიან. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, 29 აპრილამდე დარჩება.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს თანხა შეუგროვდათ. ამისთვის ეროვნულ არქივში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქველმოქმედო მიზნით, ცენტრის ბენეფიციარებისთვის სამინისტროს სისტემის 80-ზე მეტმა თანამშრომელმა საკუთარი ხელით შესრულებული ტილოები და ხელნაკეთი ნივთები წარადგინა. გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით არასრულწლოვნებს საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს შეუძენენ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს, ლადო ხელაძეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ფრუიძემ გადასცა.
სააგენტოს ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
ეროვნულ არქივში ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და შშმ პირების ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საგამოფენო სივრცეში სააღდგომო თემატიკის ნაკეთობებია წარმოდგენილი. გამოფენილი ნამუშევრების გაყიდვიდან შესული თანხა ხის სოციალური საწარმოს განვითარებას და მისთვის სამუშაო მასალების შეძენას მოხმარდება. ხის სოციალურ საწარმოში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები შშმ პირებთან ერთად მუშაობენ და განმავითარებელ სათამაშოებს ქმნიან. პროექტის მიზანი შშმ პირებთან ყოფილ მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა ინტეგრირება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტს „ერთად-ერთმანეთისთვის“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული ააიპ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“ ახორციელებს. ეროვნულ არქივში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი, ბუბა ლომუაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
განრიდებისა და მედიაციის კონფერენცია
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თერთმეტი წლის შედეგები შეაჯამეს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით, სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა. განრიდება სასჯელის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც არასრულწლოვანს დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე და ნასამართლობის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს. განრიდებისა და მედიაციის პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში 11 წელია, ფუნქციონირებს. ის თავდაპირველად 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებდა და ნაკლებად მძიმე დანაშაულს ეხებოდა. 2014 წლიდან, პროგრამის შთამბეჭდავი შედეგების გათვალისწინებით, განრიდება მძიმე დანაშაულის შემთხვევებზეც გავრცელდა; 2015 წლიდან, როდესაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამოქმედდა, განრიდების პროგრამაში ჩართვა 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვისაც გახდა შესაძლებელი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამის მუშაობას პანდემიის პირობებში, როდესაც პროექტში ჩართულ მხარეებს დისტანციურ რეჟიმში უწევდათ მუშაობა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, 2021 წელს განრიდების პროგრამებში წარმატებული მედიაციის ყველაზე მაღალი – 65%-იანი წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონფერენციის ბოლოს ჯილდოები გადაეცათ პროგრამაში ჩართულ პროფესიონალებს – წარმატებულ პროკურორებს, მედიატორებსა და სოციალურ მუშაკებს. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ – ფარგლებში ჩატარდა და მას აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.