საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი აღსრულდება საჯარო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, შესასრულებელი სამუშაოს საზოგადოებისთვის სასარგებლო ხასიათიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება აღსრულდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირში.
  • პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება და მისამართი, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ყოველდღიურად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც თუ ჯარიმა შეეცვალა შრომით, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, თუ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეუცვალა შრომით, თუ სასამართლო მიიჩნევს რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოხდის გაგრძელება (თავისუფლების აღკვეთის 15 წლის ფაქტობრივად მოხდის შემდეგ) და შეუცვლის მას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.