საერთაშორისო კონფერენციის, „ ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
საერთაშორისო კონფერენციის, „ ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები. შეხვედრას, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, აზერბაიჯანის პრობაციის უფროსი ვუგარ აღაიევი და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ელვინ ჰატამზადე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემაში პროექტების განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დიდად შეუწყობს ხელს თბილისში გამართული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია.
„ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
„ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს დღეს – 25 ივლისს გაიხსნა. კონფერენციის მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ღონისძიების ფარგლებში საქართველო, ერთი მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და ისეთი სერვისების შესახებ, როგორიცაა: ქართული ინოვაცია „PROBBOX“, „ციფრული უნივერსიტეტი“, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისათვის და სხვა; მეორე მხრივ კი, ქართული მხარე ეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას, რაც საზოგადოების უსაფრთხოებას ემსახურება. კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; შინაგან საქმეთა; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეებმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. საქართველოს პრობაციის სისტემის შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა ევროპული კონფედერაციის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ „პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრადაა განვითარებული და ეს პროცესი ბოლო წლებში დაჩქარდა“. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით; იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პრობაციის სისტემები ევროპულ ქვეყნებში და მათი შესაძლებლობების განვითარება; სახელმწიფო ინსტიტუციების, საზოგადოების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობა დანაშაულის პრევენციის პროცესში; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობები. კონფერენციაში მონაწილეობენ რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები. საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას თბილისის დეკლარაციის მიღებით დაასრულებს.
ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა
ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა. მედიაციის სივრცეები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას. კერძოდ, მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სივრცეეებში ასევე იფუნქციონირებს იუსტციიის სასწავლო ცენტრის ბაზა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იუსტიციის სისტემაში დასაქამებული თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სატრენინგო მომსახურების მიღებას. მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ხობში, დედოფლისწყაროში, დმანისში და დღეიდან, უკვე ზესტაფონსა და სამტრედიაში მოქმედებს. ახალი სივრცეები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტან ჟვანიამ გახსნეს.
იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაცია - დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის
იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაცია - დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის. ეროვნული მასშტაბის ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის. დანაშაულის პრევენციის კურსი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი – იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება სააგენტოსთან კოორდინაციით არასრულწლოვნების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება. დანაშაულის პრევენციის კურსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა; პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ. კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება; • ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; • არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები; • სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში; • პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები მასწავლებლებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას; • აზარტულ თამაშებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება; • ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა მოზარდებში; • ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელები, მათ შორის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, აგრეთვე, კურსის ბენეფიციარები - საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნენ
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნენ.დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ ღონისძიებაზე ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით განხორციელებული ძირითადი ინიციატივები წარადგინეს.ფორუმზე ყურადღება დაეთმო სააგენტოს მთავარ ინოვაციებს PROBBOX-ს, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსსა და დანაშაულის პრევენციის კურსს სკოლის მასწავლებელთათვის. ასევე, განხილულ იქნა არასრულწლოვანთა რეფერირებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევები, რისკისა და საჭიროებებს შეფასების პროგრამული უზრუნველყოფა, შინაპატიმრობის აღსრულებაში ელექტრონული ზედამხედველობის პრაქტიკა და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფში სააგენტოს საქმიანობა.პრობაციის საერთაშორისო ფორუმი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა. ღონისძიებაში, ქართულ მხარესთან ერთად, გაეროს, ევროკავშირისა და პრობაციის ევროპული კონფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ. მოზარდები ფიზიკისა და ქიმიის ინტერაქტიულ ლაბორატორიაში, ცდების ჩატარების პროცესში ჩაერთნენ. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას. ინტერაქტიული ექსპოზიციების საშუალებით, მოზარდები მათთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით გაეცნენ ფიზიკის კანონებს. ინტერაქტიულ სამეცნიერო მუზეუმში 70-მდე ექსპონატია წარმოდგენილი, რაც მოზარდებს ფიზიკის კანონების თუ ქიმიურ რეაქციებზე ინფორმაციის სახალისო ფორმით მიღებაში ეხმარება. საგანმანათლებლო - გასართობი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს აგრძელებს. სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო და მოზარდები ანიმატორებთან ერთად გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ.ღონისძიება მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რაც უწყების ერთ - ერთი ძირითადი პრიორიტეტია.საგანმანათლებლო - გასართობი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალციხის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით - გასართობი ღონისძიება გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალციხის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით - გასართობი ღონისძიება გაიმართა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის რაბათის ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო. მოწვეული სტუმრებისა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიმართა ანიმაციური ვიდეორგოლის „წყალქვეშა განძის“ პრეზენტაცია, რომელიც მოზარდებმა რეჟისორ არჩილ კუხიანიძის დახმარებით შექმნეს. ღონისძიების დასასრულს, ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ. საგანმანათლებლო - გასართობი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გასართობი ღონისძიება გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს იწყებს.არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გასართობი ღონისძიება გაიმართა. მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს პინიატების მასტერკლასში და ტრენერის დახმარებით თავად დაამზადეს ისინი.ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით კომპანია „ქრაფთთან“ თანამშრომლობით გაიმართა და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.