სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე გაიხსნა
სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე გაიხსნა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ახალი ოფისი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილმა გახსნეს.
მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და დღეიდან, უკვე სენაკში მოქმედებს; უახლოეს პერიოდში კი, გორში, დედოფლისწყაროში, დმანისში, საჩხერეში, ხობსა და ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი.
მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
2022 წელს მედიაცია 658 პირის მიმართ იქნა გამოყენებული. წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი 60%-ით განისაზღვრა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სენაკის პრობაციის ბიუროში, თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.