სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება დაიწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება დაიწყო. ამ მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სააგენტოს ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, დარგის სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა.
ფსიქო-სოციალური და პრო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს ახალ პროგრამებზე სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ფასილიტატორებად გადამზადება. ეს ცვლილება პრობაციის სისტემის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების მიწოდებას ისახავს მიზნად.
პროგრამების განახლება სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ხორციელდება. მის მხარდაჭერას აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) უზრუნველყოფს. პროცესში დარგის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების - "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP)“ და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)" ექსპერტები არიან ჩართული. სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება გაგრძელდება. პროცესში პენიტენციური სამსახურის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკებიც ჩაერთვებიან. 2022 წლიდან კი, ორივე სისტემას ერთგვაროვანი, ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარების შესაძლებლობა ექნება.