რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამის პრეზენტაცია
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება. რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო.
ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, დანაშაულის განმეორების ალბათობა და ზიანის დონე ავტომატურად განისაზღვრება. სისტემა დანაშაულის განმეორებისა და მნიშვნელოვანი ზიანის დონის მაჩვენებლებს, სპეციალისტების მიერ შეყვანილი მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად ჩამოაყალიბებს. პროგრამა შემთხვევის მართვის პროცესში ადამიანურ რესურსებსაც განსაზღვრავს და შემთხვევის მმართველ პრობაციის ოფიცერს მიანიშნებს, რისკების მართვისა და საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში, რომელი სპეციალისტი ჩართოს.
პროგრამაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგ კითხვარიც არის ინტეგრირებული. საჭირო რეაგირებას ის მსგავს შემთხვევებშიც ავტომატურად განსაზღვრავს.
რისკებისა და საჭიროებების მაჩვენებლების ჩამოყალიბების პროცესის ავტომატიზება დაზოგავს სპეციალისტთა დროს, გამორიცხავს გამოთვლების პროცესში დაშვებულ შეცდომებს და უფრო ობიექტურს გახდის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას. ამ დრომდე, მსგავსი პროგრამა არ არსებობდა. ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეიქმნა. ინსტრუმენტი დანაშაულის პრევენციის მიზნების მიღწევას და რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.