30 Декабрь 2021

ონლაინ შეხვედრა პრობაციის ევროპული კონფედერაციის გენერალურ მდივანთან

ონლაინ შეხვედრა პრობაციის ევროპული კონფედერაციის გენერალურ მდივანთან
პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) Probbox-ს საერთაშორისო პოპულარიზაციას გაუწევს. ამის შესახებ სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლადო ხელაძემ პრობაციის ევროპული კონფედერაციის გენერალურ მდივანთან, ვილემ ვან დერ ბრუგესთან გამართული შეხვედრისას ისაუბრა.
 
2022 წლის თებერვალში, კონფედერაციის ვებ-გვერდზე Probbox-ის შესახებ სტატია და ვიდეო რგოლი განთავსდება. CEP-ი ქართული ინოვაციური მოწყობილობის შესაძლებლობების შესახებ მისი წევრების დეტალურ ინფორმირებას განახორციელებს. ამასთან ერთად, სააგენტოს პრობაციის სისტემის წარმომადგენელი კონფედერაციის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფში ჩაერთვება, რომელიც შესაბამის დარგში ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და დანერგვას ითვალისწინებს.
 
Probbox-ი - პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეიქმნა. Probbox-ის საშუალებით, პირველად ევროპაში, პირობით მსჯავრდებულთა კონტროლი და რეგისტრაცია, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით ხორციელდება.
 
Probbox-ი, 2021 წლის 22 დეკემბრიდან, საპილოტე რეჟიმში, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში დაინერგა, ხოლო შემდგომ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. ინოვაციური მოწყობილობა პრობაციონერებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას მნიშვნელოვნად უმარტივებს და მათთვის საჭირო სერვისების მიღებას უზრუნველყოფს.

Похожие новости