არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების პირველი ანიმაციური ფილმი - „ახალი წლის გმირი“ სერბეთის მსოფლიო ბავშვთა ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი.
ჯილდო ფილმს საუკეთესო ვიზუალური დიზაინისთვის გადაეცა.
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი - „ოქროს ლოკოკინა“ ანიმაციების სკოლის - „SAF“-ის ორგანიზებით სერბეთის რესპუბლიკის ქალაქ ვრანეში მიმდინარეობდა. მასში 75 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტი, რომელიც ანიმაციურ ფილმებზე მუშაობას ითვალისწინებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში შარშან დაიწყო. ცენტრის ბენეფიციარები რეჟისორთან ერთად ამზადებენ სიუჟეტს და ანიმაციურ ფილმებს ქმნიან.
პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილიტაციას, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, მათთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება.