20 Ноябрь 2021

არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველების საქმიანობას გაეცნენ

არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველების საქმიანობას გაეცნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველების საქმიანობას გაეცნენ. ამ მიზნით, ისინი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდნენ. მოზარდებს ოპერაციების დროს მოქმედებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია უშუალოდ მეხანძრე-მაშველებმა გააცნეს.
 
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენელი არასრულწლოვნებს სამსახურის სპეციფიკაზე ესაუბრა და სახანძრო ავტო-ცისტერნა დაათვალიერებინა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალურად მოზარდებისთვის, სამთო კედელზე სავარჯიშოებიც შეასრულეს. თეორიული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ინსტრუქტორების უშუალო ზედამხედველობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობაც მიეცათ.
 
მოზარდები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ. პროექტი - „მე გავხდები პროფესიონალი“ - ცენტრის დაარსებიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, არასრულწლოვნები სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებს პერიოდულად სტუმრობენ. სამუშაო გარემოში პროფესიის გაცნობა კი, მათ სპეციალობის არჩევაში ეხმარება.
 
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ცენტრის მიზანს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია წარმოადგენს.

Похожие новости