დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. საჯარო სკოლების VI–XII კლასის მოსწავლეებისთვის პირველი დონის პრევენციის მიმართულებით საინფორმაციო-შემეცნებითი პროექტი დაიწყო. სააგენტოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები თემატურ საინფორმაციო შეხვედრებზე ისაუბრებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის საფრთხეებზე, კიბერუსაფრთხოების, ძალადობისა და ბულინგის პრევენციაზე, კონფლიქტების მართვის უნარებზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის, განსაცდელში მიტოვების, უკანონოდ მოპოვებული ნივთის შეძენის, ცივი იარაღის ტარების, ცრუ ჩვენების მიცემის და სხვა საკითხებზე. პროექტის მიზანია სკოლის ადმინისტრაციისა და არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება დანაშაულის პრევენციასა და სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, ასევე, მოზარდთა სარისკო ქცევების შესახებ ინფორმირება და კონფლიქტის მართვის უნარების გამომუშავების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 150 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად გაიმართება.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ. მხატვარი ბენეფიციარებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და საკუთარი ნამუშევრები გააცნო. არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ ხელოვანისგან მიეღოთ რეკომენდაციები პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკასთან დაკაშირებით. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით "სილქ ფაქტორ სტუდიოში” გაიმართა. ღონისძიების მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ. მოზარდები საწარმოო პროცესს და “ასკანელის” დაარსების ისტორიას გაეცნენ. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.