განრიდება-მედიაცია

რა არის განრიდება და მედიაცია?

განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ეფუძნება. განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნისათვის/21 წლამდე ასაკის პირისთვის არის ერთი შანსი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც განრიდების ფარგლებში დაეკისრება, რათა გაიაზროს დანაშაული, მისი უარყოფითი შედეგები,  გააგრძელოს ცხოვრება ნასამართლობის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.

პროგრამა ხელს უწყობს როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მართლშეგნების ამაღლებას, მის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას,  ამავდროულად ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს, შესაბამისად, განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომებს, ღირებულებებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების, როგორც მთლიანობის გაჯანსაღებაზე.

კანონის შესაბამისად,  პროკურორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განრიდების გამოყენების შესახებ და არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც ამავდროულად გულისხმობს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე. ამასთან, მოსამართლე უფლებამოსილია, განრიდების მიზნით, საქმე დაუბრუნოს პროკურორს როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. 

პროგრამის მიზნები:

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება;
  • განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პროგრამის პრინციპები

სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხშირად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნის  ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება, ვინაიდან  რეაბილიტაცია - რესოციალიზაციაზე    ორიენტირებული ზომების გამოყენება განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების  ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. თუ 21 წლის ასაკს მიუღწეველმა პირმა  ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემისგან მის განრიდებას;

ნებაყოფლობითობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რა დროსაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირი აღიარებს დანაშაულს. დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი განრიდებისა/განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები უფლებამოსილნი არიან, განრიდების/მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი ნებისმიერ ეტაპზე განაცხადონ.

პროპორციულობა – 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი. განრიდების პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ასაკი და სხვა მახასიათებლები, ასევე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე;

კონფიდენციალურობა – განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით სხვა წესი არ არის განსაზღვრული;

სტიგმატიზაციის დაუშვებლობა – გამოყენებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს პროგრამაში ჩართული პირის  მიმართ  ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე;

არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის საუკეთესო ინტერესს. პროკურორის მიერ განრიდების გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება მის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი და ა. შ.

არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის პირობებში:  

  • კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი არის 14-დან 21 წლამდე ასაკის;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ან მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი წარსულში არ ყოფილა ჩართული განრიდების/ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი არ არის ნასამართლევი;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი აღიარებს ჩადენილ ქმედებას;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრუწლოვანი და მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი განრიდების არსის განმარტების შემდეგ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვაზე ნებაყოფლობით და წერილობით თანხმობას გამოხატავენ;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის საუკეთესო ინტერესის მხედველობაში მიღებით, შინაგანი რწმენით, რომ შესაძლებელია განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება, პროკურორი მიზანშეწონილად მიიჩნევს განრიდების მექანიზმის გამოყენებას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით, თუ კონკრეტული საქმე აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, პროკურორი ვალდებულია, პირველ რიგში, განიხილოს 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა. ამასთან, პროკურორის უარი შესაძლოა გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები და განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროცესი:

პროკურორი

არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი მას შემდეგ, რაც იგი შეხვდება განსარიდებელ პირს, მის კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს, ადვოკატს (თუ განსარიდებელს ჰყავს ადვოკატი) და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განსარიდებელ პირს, კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს, ადვოკატს  პროკურორი ესაუბრება ჩადენილი დანაშაულის შესახებ, დეტალურად აცნობს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის არსს, სავარაუდო პირობებს, შესაძლო შედეგებს და ისმენს მათ მოსაზრებებს პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

პროკურორი ასევე ხვდება დაზარალებულს, აწვდის მას ინფორმაციას განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ და განუმარტავს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, პროკურორი დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას პროცესში მედიატორის ჩართვის შესახებ, დაზარალებულს აძლევს ზოგად განმარტებას მედიაციის მნიშვნელობის, მედიატორის როლისა და ფუნქციების შესახებ. პროკურორი ისმენს დაზარალებულის მოსაზრებებს და პოზიციას. პროკურორისთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულის დამოკიდებულება და მოსაზრებები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის განრიდებასთან დაკავშირებით.

არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიერ განრიდებაზე თანხმობის  განცხადების შემთხვევაში, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას  განრიდების პროცესის დაწყების შესახებ და უკავშირდება სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. პროკურორის მიმართვის საფუძველზე საქმეში ერთვებიან სოციალური მუშაკი და მედიატორი.

სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი

სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის ინდივიდუალური საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების შესწავლის  მიზნით, აფასებს მის სოციალურ გარემოს, ხვდება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირსა და მისი ოჯახის წევრებს, ასევე, ახორციელებს ვიზიტს მის საცხოვრებელ მისამართზე. სოციალური მუშაკის/პრობაციის ოფიცრის და 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის/მისი ოჯახის წევრების სოციალურ გარემოსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა სწორად ჩამოყალიბდეს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების ის პირობები, რომელთა შესრულებაც მას მოუწევს.

მედიატორი

საქმეში დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას, საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი და ნეიტრალური პირი - მედიატორი. მედიატორის მიზანია დაზარალებულსა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს შორის მოლაპარაკების პროცესის წარმოება, შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების შესახებ შეთანხმება. მედიატორი მხარეებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას მედიაციის არსის, პროცედურების შესახებ და უხსნის მათ მედიაციის მნიშვნელობას. 

განრიდების/განრიდება-მედიაციის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება:

სოციალური მუშაკი არასრულწლოვანთან/18-დან 21 წლამდე ასაკის პირთან და ოჯახის წევრებთან გასაუბრების შემდეგ ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. შეფასების საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან და, მედიაციის შემთხვევაში − მედიატორთან ერთად განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობებს. პირობების ჩამოყალიბებისას გაითვალისწინება როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის, ისე დაზარალებულის ინტერესები.

აუცილებელია, 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შერჩეული პირობები იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული და მათი განსაზღვრისას  გათვალისწინებული იყოს  კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის ასაკი, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე.

ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს 12 თვემდე ვადით. ხელშეკრულების პირობები კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს ეხმარება გააცნობიეროს დანაშული, დაძლიოს სირთულეები და მავნე ჩვევები. ხელშეკრულების პირობად შესაძლოა განისაზღვროს საგანმანათლებლო,  ან ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების გავლა, ამასთან ერთად, განრიდებული საჭიროებისამებრ ერთვება მოხალისეობრივ აქტივობებში, რომლებიც  მას  მოქალაქეობრივი როლისა და ვალდებულებების გააზრებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

თუ არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის ქმედებით ზიანი მიადგა დაზარალებულს და პროცესში ჩაერთო მედიატორი, ის კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან და დაზარალებულთან კონსულტაციების (მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრა)  დასრულების შემდეგ, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში,  მართავს შეხვედრას - „მედიაციის კონფერენციას“, რა დროსაც დაზარალებული და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. მედიაციის კონფერენციას შესაძლოა, ასევე ესწრებოდეს სოციალური მუშაკი და პროკურორი. მედიაციის კონფერენციაზე დაზარალებულს ეძლევა შესაძლებლობა, უამბოს კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს, რა განიცადა დანაშაულის ჩადენისას და რა გავლენა მოახდინა მის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა მასზე. ამავე შეხვედრაზე 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირი საუბრობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე, დამოკიდულებაზე მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. მედიაციის კონფერენეციაში არასრულწლოვანი მონაწილეობას იღებს თავის კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელთან ერთად.

შეხვედრის ბოლოს კონფერენციაში მონაწილე ყველა პირი ხელს აწერს განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებას, რომელშიც ჩამოთვლილია პროკურორის, სოციალური მუშაკისა და მედიატორის მიერ ერთობლივად შერჩეული პირობები, რომელთა შესრულება მოუწევს განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ამ პირობებში გათვალისწინებული იქნება დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხიც.

იმ შემთხვევაში, თუ 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ჰყავს დაზარალებული ან თუ დაზარალებულმა უარი განაცხადა მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, განხორციელდება განრიდება მედიაციის გარეშე დაზარალებულის მიერ უარის თქმის შემთხვევაში მას უფლება აქვს შეიცვალოს აზრი და განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაერთოს მედიაციის პროცესში.

სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე პროკურორი ამზადებს განრიდების ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერს განსარიდებელი (თუ განსარიდებელი არასრულწლოვანია ასევე მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი), პროკურორი და სოციალური მუშაკი.

განრიდების/განრიდება-მედიაციის ხელშეკრულების შესრულება და შედეგები

სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი არასრულწლოვანთან/18-დან 21 წლამდე ასაკის პირთან მუშაობას განაგრძობს ხელშეკრულების მოქმედების დასრულებამდე.

ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი , ყოველთვიურად ამზადებს ანგარიშს, რომელიც ეგზავნება პროკურორს.

ხელშეკრულების საანგარიშო პერიოდის ბოლო თვეს  სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი აფასებს არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას, ასევე განმეორებითი დანაშაულის რისკთან  დაკავშირებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი ამზადებს საბოლოო ანგარიშს და უგზავნის პროკურორს.

შესაძლებელია არასრულწლოვანმა/18-დან 21 წლამდე ასაკის პირმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები ან ჩაიდინოს განმეორებითი დანაშაული. ამის თაობაზე სოციალური მუშაკი აცნობებს პროკურორს, რომელიც, ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის/პრობაციის ოფიცრის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს ხელშეკრულებას, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს ხელშეკრულების  მოქმედების ვადას. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, პროკურორი   დაიწყებს ან განაახლებს სისხლისსამართლებრივ დევნას განრიდებული პირის მიმართ.

არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის პირის მიერ ხელშეკრულების პირობების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და სრულდება განრიდების პროცესი.